საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2025 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 704 500 კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 9.9 ათასი კაცით მეტია.
„საქსტატის“ მონაცემებით, 2025 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით საქართველოს მოსახლეობის 61.5% ცხოვრობს საქალაქო დასახლებებში. ამასთან, თბილისის მოსახლეობა მთლიანი მოსახლეობის მესამედზე მეტს შეადგენს.
ამავე მონაცემების თანახმად, 2025 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით, კაცების რიცხოვნობამ 1 780.6 ათასი შეადგინა, ხოლო ქალების რიცხოვნობამ – 1 923.9 ათასი. ამასთან, საქართველოს მოსახლეობის 48% კაცი, ხოლო 52% – ქალია.
წინა წელთან შედარებით, 2024 წელს სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა თითქმის უცვლელი დარჩა და 74.9 წელი შეადგინა, მათ შორის კაცებისათვის – 70.5 წელი, ხოლო ქალებისათვის – 79.3 წელი.
აღსანიშნავია, რომ იმიგრანტებისა და ემიგრანტების ოფიციალურ სტატისტიკაში საქართველოს მოქალაქეების შემდეგ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები არიან ყველაზე დიდი რაოდენობით.
ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 2024 წელს ემიგრაციაში საქართველოს 64 594 მოქალაქე წავიდა, რაც 60.5%-ით ნაკლებია 2023 წელს გამოვლენილ რეკორდულ მაჩვენებელზე – 163 480 მოქალაქეზე.
2024 წელს ემიგრანტების რიცხოვნობამ 121 425 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 50.5%-ით ნაკლებია, ხოლო იმიგრანტების რიცხოვნობა 34%-ით შემცირდა და 135 811 კაცი შეადგინა. ამავე პერიოდში, იმიგრანტების 85.6% და ემიგრანტების 85.8% შრომისუნარიან ასაკში მყოფ მოსახლეობას (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) წარმოადგენენ.