ვატიკანში წმინდა პეტრეს ბაზილიკა ღამის საათებშიც ღიაა, რათა ათასობით მორწმუნემ შეძლოს, პაპ ფრანცისკეს პატივი მიაგოს.
რომის პაპი ფრანცისკე ბაზილიკაში ოთხშაბათს დილით დაასვენეს, სადაც მსურველებს სამი დღის განმავლობაში შეუძლიათ მივიდნენ და მის ხსოვნას პატივი მიაგონ. მთელი დღის განმავლობაში ბაზილიკის წინ, წმინდა პეტრეს მოედანზე, ათასობით მორწმუნე იდგა რიგში. ამ მიზეზით გადაწყდა, რომ ბაზილიკა ღამითაც ღია ყოფილიყო.
„უკვე ორი საათია, აქ ვარ და ჯერაც კი არ შევსულვართ. თუმცა არ მაინტერესებს, დალოდება რამდენი ხნით მომიწევს. მე პაპ ფრანცისკეს ძალიან დიდ პატივს ვცემდი. როდესაც ის მექსიკაში ვნახე, ეს საოცარი გამოცდილება იყო, ამას არასდროს დავივიწყებ. ის დიდებული ადამიანი იყო, ამიტომ რიგში დგომა პრობლემა არ არის”, – ამბობს ემილიანო ფერნანდესი, რომელიც რიგში რამდენიმე საათით იდგა.
ბაზილიკაში შესვლა და საყვარელ პაპთან გამომშვიდობება ათასობით მორწმუნემ შეძლო, მათ შორის იყო ლანა კლეინი.
„ბაზილიკაში შესვლა ძალიან ემოციური იყო. ვფიქრობ, ის იყო ლიდერი, რომელსაც ხალხი ნამდვილად უყვარდა. მას სურდა სიყვარული და თანაგრძნობა გაევრცელებინა. იქ შესვლისას ისეთი სიჩუმე სუფევდა… იგრძნობოდა, თუ ხალხს რამდენად უყვარდა ის“, – ამბობს ლანა კლეინი.
ვატიკანში სახალხო გლოვა 25 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება. შემდგომ კი პაპ ფრანცისკეს 26 აპრილს, შაბათს, დაკრძალავენ.