დღეს, 24 აპრილს, „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა” კონფერენცია გამართა რუსეთის „პირველ არხზე” გასულ გადაცემასთან დაკავშირებით, რომლითაც ინსტიტუტის შეფასებით, ორგანიზაციის ხელმძღვანელისა და ყოფილი სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის, შესახებ დეზინფორმაცია გავრცელდა.
როგორც უჩა ნანუაშვილი აცხადებს, გადაცემაში მიზანმიმართულად არის დამახინჯებული ფაქტები და ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს – გაავრცელონ დეზინფორმაცია ქართული პროდასავლური ჯგუფების წინააღმდეგ.
უჩა ნანუაშვილი ამბობს, რომ მას გარი კასპაროვის სახელით დაუკავშირდნენ პირები, შემდეგ კი მისი საუბრის თარგმანი სიუჟეტში დამახინჯებული ფორმით წარმოადგინეს.
გადაცემაში ჰყვებიან, რომ თითქოს უჩა ნანუაშვილი საქართველოში არაფორმალურ დაჯგუფებებს ქმნის და ქვეყანაში „ევრომაიდნის“ მოწყობას გეგმავს. თუმცა თავად უჩა ნანუაშვილის თქმით, ეს სიუჟეტი არის დამონტაჟებული, დამახინჯებულია თარგმანი და სიუჟეტის თავდაპირველ ვერსიაში სრულიად სხვა თემაზეა საუბარი.
როგორც „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის” ხელმძღვანელი ამბობს, რომ ის ჰყვებოდა ძალადობრივი დაჯგუფებების, ე.წ. „ტიტუშკების“, მონაწილეობაზე მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევაში, რუსეთის „პირველმა არხმა” კი ფალსიფიცირებული სიუჟეტი მოამზადა და გაავრცელა.
უჩა ნანუაშვილი ამბობს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ამ გზავნილების გავრცელებას ხელი შეუწყო.
