აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.
მას დაუსვეს შეკითხვა, შეხვდებოდა თუ არა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ვატიკანში, სადაც ის რომის პაპ ფრანცისკეს დაკრძალვას დაესწრება. შეკითხვაზე პასუხს შეერთებული შტატების პრეზიდენტმა თავი აარიდა, თუმცა მისი თქმით, იმედი აქვს, რომ პრეზიდენტი ზელენსკი მალე მოაგვარებს სამშვიდობო შეთანხმების საკითხს, რადგან „მასთან გამკლავება იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე რუსებთან”.
„არ ვიცი, მიდის თუ არა პაპის დაკრძალვაზე, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ ომის საკითხს მოაგვარებს, რადგან ჩვენ ვკარგავთ 5000 ადამიანს. მე 2500-ს ვამბობდი და ყველა მპასუხობდა, რომ ეს ცოტაა. ყოველკვირეულად დაახლოებით 5000 ჯარისკაცი იღუპება. იფიქრეთ ამაზე, 5000 ჯარისკაცი ყოველკვირეულად. თუმცა მოდით, ვთქვათ 3000-დან 5000-მდე. ეს ჯარისკაცები ამერიკელები არ არიან, მაგრამ რუსები და უკრაინელები არიან. ისინი ადამიანები არიან, ოჯახები ჰყავთ და ახლა ამ ოჯახებს უკავშირდებიან და ეუბნებიან, რომ მათი წევრები აღარ არიან. სასტიკი ომია და თუ შემიძლია ამის მოგვარებაში დახმარება, ეს შესანიშნავი იქნება. ვფიქრობ, რუსეთი მზადაა და მათთან შეთანხმებული ვართ. შეთანხმება გვჭირდება პრეზიდენტ ზელენსკისთან. ვფიქრობდი, რომ ზელენსკისთან გამკლავება უფრო მარტივი იქნებოდა. აქამდე ეს უფრო რთული იყო, მაგრამ არა უშავს“, – ამბობს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.
დონალდ ტრამპის თქმით, მხარეებს შორის ფავორიტი არ ჰყავს და მისი მთავარი ინტერესი სიცოცხლეების გადარჩენაა.
„ყველაფერი კარგადაა. შეხედეთ, მე მხოლოდ ომის დასრულება მინდა. არ მაინტერესებს, თუ ორივე მხარე ბედნიერი იქნება, ორივე ხელს მოაწერს ამ შეთანხმებას. ფავორიტი არ მყავს. ფავორიტების ყოლა არ მინდა. მინდა, შეთანხმება შედგეს. სიცოცხლეების გადარჩენა მინდა. რაკი ეს ვთქვით, უნდა აღვნიშნო, რომ ბაიდენის გამო აშშ ასობით მილიარდ დოლარს ხარჯავს. ბაიდენს ამ ომის დაწყება არასდროს უნდა დაეშვა“, – ამბობს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.
დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მომდევნო თვეში გაემგზავრება ახლო აღმოსავლეთში და საუდის არაბეთში ყოფნისას „შესაძლოა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდეს”.