მთავარისაქართველოზვიად ცეცხლაძისა და კიდევ 7 დაკავებულის საქმე მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპზე გადავიდა

ზვიად ცეცხლაძისა და კიდევ 7 დაკავებულის საქმე მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპზე გადავიდა

23 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოში პროევროპული საპროტესტო აქციებისას ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული 8 დაკავებბულის, მათ შორის ზვიად ცეცხლაძის საქმის არსებითი განხილვა გაიმართა.

საქმის მოსამართლე თამარ მჭედლიშვილია, რომელსაც ლიეტუვამ მიმდინარე წლის აპრილში ადამიანის უფლებების უხეში და სისტემატური დარღვევების გამო, ფინანსური სანქციები დაუწესა. უფლებადამცველებმა მისი აცილების შუამდგომლობა დააყენეს, თუმცა თამარ მჭედლიშვილმა შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

შეკამათება გამოიწვია ერთ-ერთი ბრალდებულისთვის, ინსაფ ალიევისთვის სახაზინო ადვოკატის დანიშვნის საკითხმაც. ადვოკატების განმარტებით, გადაწყვეტილება მოსამართლემ ბრალდებულთან შეთანხმების გარეშე მიიღო.

„მე არ მაქვს უფლება, ჩემი ნებით ავარჩიო, ვინ დაიცავს ჩემს უფლებას?! არ მინდა გიორგი მდინარაძე“, – იკითხა ინსაფ ალიევმა სხდომაზე.

„თქვენ გაქვთ ინტერესი, საქმეში ჩართული იყოს სხვა ადვოკატი და ეს თქვენს მიკერძოებაზე კითხვის ნიშანს აჩენს. პოლიტიკური პროცესია, დღეს მომსწრე გავხდით, რომ ბრალდებული ირჩევს ადვოკატს, თქვენ კი ეს პრინციპი შელახეთ… ფაქტობრივად, თქვენ ბრალდებულს უთხარით, რომ ვალდებული ხართ დაგიცვათ იმ ადამიანმა, რომელსაც არ ენდობით და არ გსურთო“, – მიმართა მოსამართლე თამარ მჭედლიშვილს ადვოკატმა, გუჯა ავსაჯანიშვილმა.

საპროტესტო აქციებისას დაკავებული 8 პირის საქმე მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპზე გადავიდა და მომდევნო სხდომა 2 მაისს გაიმართება.

23 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოში საპროტესტო აქციებისას ადმინისტრაციული წესით დაკავებულ პირთა, მათ შორის ლევან ზაზაძის პროცესიც გაიმართა. ის 21 აპრილს რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან გამართულ აქციაზე პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავეს.

მოსამართლე კობა ჩაგუნავამ ლევან ზაზაძეს 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, რასაც დარბაზში მყოფთა პროტესტი მოჰყვა.

მოგვიანებით ხმაური სასამართლოს დერეფანში გაგრძელდა, სადაც ლევან ზაზაძის მხარდამჭერებს მანდატურის სამსახურის თანამშრომლები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, რა დროსაც ერთი პირი დაშავდა და მას მედიკოსების დახმარება დასჭირდა. მოძრაობა „დაფიონის“ წევრის, ლაშა-გურამ ღონღაძის თქმით, მანდატურის სამსახურის ერთ-ერთი თანამშრომელთან ხელჩართული ჩხუბისას მას ასთმის შეტევა ჰქონდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში პროევროპული დემონსტრაციებისას ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის მუხლით დაკავებულთა საქმეების განხილვა მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება. 24 აპრილს სასამართლო მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის პროცესი გაიმართება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend