მთავარისაქართველოვაშინგტონში ლევან დავითაშვილი საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის რეგიონულ ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

ვაშინგტონში ლევან დავითაშვილი საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის რეგიონულ ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში პირველი ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი ვაშინგტონში საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის რეგიონულ ვიცე-პრეზიდენტ ალფონსო გარსია მორას შეხვდა.

შეხვედრას ესწრებოდნენ ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრების მოადგილეები და ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი.

მხარეებმა განიხილეს კორპორაციის პრიორიტეტები საქართველოში კერძო სექტორის დაფინანსების კუთხით ისეთ მიმართულებებში, როგორებიცაა ენერგეტიკა, მრეწველობა, ტრანსპორტი, დაკავშირებადობა და შუა დერეფნის შემდგომი განვითარება.

„საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან თანამშრომლობის საქართველოს დიდი ისტორია გააჩნია. ჩვენ მომავალშიც ძალიან საინტერესო გეგმები გვაქვს, რაც განვიხილეთ ხელმძღვანელობასთან. ერთი მიმართულება უკავშირდება მცირე და საშუალო საწარმოების დაკრედიტებას კონკრეტული პრიორიტეტული მიმართულებებით, რომლებიც განხორციელდება საქართველოში არსებული ბანკების მიერ, მაგრამ საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის დაფინანსებით.

მეორე მიმართულებაა უფრო მსხვილი პროექტები ცალკეულ პრიორიტეტულ დარგებში, რომელთაც უშუალოდ კორპორაცია დააფინანსებს. საუბარია კერძო და არა საჯარო სექტორის დაფინანსებაზე. გამოიკვეთა კონკრეტული მიმართულებები, ძირითადად, საუბარია ენერგოპროექტებზე, რომელთაც კერძო კომპანიები განახლებადი ენერგეტიკის კუთხით განავითარებენ. კიდევ ერთი მიმართულება, რომელშიც საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან ასევე საინტერესო თანამშრომლობა იგეგმება, წარმოებების ხელშეწყობა და განვითარებაა, მათ შორის, ისეთი მსხვილი ინდუსტრიული დარგების, როგორებიცაა მინერალური სასუქების წარმოება, ქიმიური მრეწველობა“, – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა.

„ჩვენი მოლოდინია, რომ აღნიშნული თანამშრომლობის გაძლიერება თვისობრივად სხვა დონეზე გადაიყვანს ჩვენი ქვეყნის განვითარებას და შეიქმნება დამატებითი სამუშაო ადგილები. ეს თანამშრომლობა ასევე ხელს შეუწყობს ქვეყანაში მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპის შენარჩუნებას და, ზოგადად, ქვეყნის პრიორიტეტული სექტორების შემდგომ განვითარებას“, – თქვა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ვახტანგ ცინცაძემ.

შეხვედრაზე ითქვა, რომ საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის მხარდაჭერილი პროექტები ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკის მეტად განვითარებას, შექმნილ ახალ სამუშაო ადგილებს, ასევე გაზრდის ქვეყნის კონკურენტუნარიანობას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend