მთავარისაქართველო„უვიზოდ მიმოსვლის შეწყვეტა „ქართული ოცნების” რეჟიმის მიზანია და არა ბრიუსელის”, - სალომე...

„უვიზოდ მიმოსვლის შეწყვეტა „ქართული ოცნების” რეჟიმის მიზანია და არა ბრიუსელის”, – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ევროპაში უვიზოდ მიმოსვლის შეწყვეტა თავად “ქართულ ოცნებას” სურს, რათა საქართველო მტრულ სახელმწიფოსთან პირისპირ მარტო დარჩეს.

23 აპრილს გამართულ ბრიფინგზე, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ევროკავშირს არ აქვს სურვილი, ქართველ ხალხს ეს სიკეთე წაართვას და ეს ცრუ ინფორმაცია “ქართული ოცნების” წრეებიდან ვრცელდება.

„მცდელობა არის, რომ პასუხისმგებლობა გადაიტანონ ევროპაზე, ვითომ ისინი გვსჯიან. არავის სჯის ევროპა, გარდა გარკვეული პირებისა, როცა ინდივიდუალური სანქციები არის გამოცხადებული. ვიზალიბერალიზაციის თემა ორმხრივად არის გამოყენებული რეჟიმის მიერ. ერთი არის დაშინების კამპანიის ნაწილი, რომ ყველაფერს დაკარგავთ, არაფერი აღარ დაგრჩებათ. ამით მორალური წნეხი არის საზოგადოებაზე გამოყენებული. ეს კამპანია დაწყებულია სწორედ სააღდგომოდ. ეს არ მოდის ბრიუსელიდან და არცერთი ევროპული დედაქალაქიდან, მოდის თბილისიდან, ამ რეჟიმიდან, რომლის მიზანი არის სწორედ, რომ ვიზალიბერალიზაცია შეწყდეს.

ეს არ არის ის გადაწყვეტილება, რომელზეც ესენი წუხან და რომლის შეჩერება სურთ, არა! ეს არის მათი მიზანი, რაც მოჰყვება მათ ქმედებებს. ყოველდღიურად ხან ლანძღავენ ევროპის რომელიმე დედაქალაქს, აქაურ ელჩებს პირდაპირ მუქარის ტონით ესაუბრებიან, ეს არის იმ გადაწყვეტილების გაგრძელება, რომელიც 28 ნოემბერს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესის შეწყვეტის თაობაზე მიიღეს. მივდივართ იმისკენ, რომ ამ რეჟიმს სურს საქართველოს სრული იზოლაცია. ეს არის რუსული პოლიტიკა. რუსეთის მიზანია, საქართველო იყოს მთლიანად იზოლირებული თავისი ევროპელი ან ამერიკელი პარტნიორებისგან, რომ აღმოჩნდეს მარტო, დაუცველი, დამოუკიდებლობა ფეხქვეშ გათელილი, რუსეთის სხვადასხვა განზრახვების ქვეშ“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მან ასევე თქვა, რომ თუ მმართველი პარტია ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან მწვავე დაპირისპირებასა და ევროკავშირისთვის ფუნდამენტურად მიუღებელი კანონმდებლობის მიღებას გააგრძელებს, არ არის გამორიცხული, უვიზოდ მიმოსვლის გადაწყვეტილება გაუქმდეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend