რომის პაპის დაკრძალვისთვის სანტა-მარია-მაჯორეს ბაზილიკაში სამზადისი უკვე დაიწყო. მას არა წმინდა პეტრეს ტაძარში, არამედ საკუთარი ანდერძის მიხედვით, სანტა-მარია-მაჯორეს ბაზილიკაში დაკრძალავენ. ეს პაპ ფრანცისკეს ბოლო სურვილი იყო. ტრადიციის მიხედვით, რომის პაპი ვატიკანში უნდა დაკრძალულიყო, თუმცა მან თავად შეცვალა ეს წესი.
გასულ წელს რომის პაპმა გაატარა რეფორმა, რომლის მიხედვითაც, პაპის დაკრძალვა ვატიკანის გარეთაც შესაძლებელი გახდა. პაპ ფრანცისკესთვის სანტა-მარია-მაჯორეს ბაზილიკას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა. სწორედ აქ ასვენია მისი საყვარელი ღვთისმშობლის ხატი. პაპის სურვილი იყო, რომ იგი, როგორც ჩვეულებრივი მორწმუნე, ისე დაეკრძალათ. ბევრს მიაჩნია, რომ ეს ფრანცისკეს თავმდაბლობასა და რწმენის სიძლიერეზე მეტყველებს.
„ვფიქრობ, ეს ყველაფერი აჩვენებს, თუ რამდენად თავმდაბალი იყო პაპი ფრანცისკე. ეს ყველა ჩვენგანისთვის ძალიან დიდი მაგალითი და ლამაზი გზავნილია”, – ამბობს მოქალაქე ლილა ბანი.
დაკრძალვის ცერემონიის დასაგეგმად და მომავალი პაპის ასარჩევად სამშაბათს, 22 აპრილს, ვატიკანში კარდინალები შეიკრიბნენ. მათი გადაწყვეტილებით, ოთხშაბათიდან, 23 აპრილიდან, მორწმუნეებს საშუალება მიეცემა, წმინდა პეტრეს ბაზილიკაში პატივი მიაგონ რომის პაპს.
პაპ ფრანცისკეს ანდერძის მიხედვით, ის ხის კუბოშია ჩასვენებული, განსხვავებით მისი წინამორბედებისგან. რომის პაპს შაბათს, 26 აპრილს, დაკრძალავენ.