კატეგორიები

ქველმოქმედება წიგნებით

ქველმოქმედება წიგნებით
23 აპრილს წიგნების საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ დღეს უერთდება საქართველოც. თარიღთან დაკავშირებით, საქველმოქმედო ფონდ “საქართველოს კარიტასის” ორგანიზებით დღეს თბილისში, კაფე „მზიურის“ ეზოში წიგნების გამოფენა მოეწყო.

ღონისძიების ფარგლებში, ნებისმიერ მსურველს შეეძლო, შეეძინა წიგნი იმ ფასად, რაც თავად სურდა.

დღეს 23 აპრილია წიგნის საერთაშორისო დღე და საქართველოს „კარიტასმა“ საქველმოქმედო ფონდმა გააკეთა საქველმოქმედო ღონისძიება და კაფე მზიურში,სადაც ადამიანებს დახვდათ წიგნების გამოფენა, აირჩიეს თავისთვის საუკეთესო წიგნი, წაიღეს და თავისი სურვილისამებრ გაიღეს შემოწირულობა დონაციის სახით. ასევე მოქალაქეებს შეეძლოთ მთელი დღის განმავლობაში მზიურის პარკში მოეტანათ წიგნები და გადმოეცათ ჩვენთვის საჩუქრად. ის წიგნები რომლებიც დღეს გამოფენაზე იყო წარმოდგენილი, შევაგროვეთ ჩვენ მოხალისეებმა, ეს წიგნები ერთ-ერთი ქსელური მაღაზიის სტენდებიდან გვაჩუქეს, მოქალაქეები შემოდიოდნენ ამ მაღაზიაში, მოხალისეები კი სთავაზობდნენ გაეღოთ დონაცია და ეჩუქებინათ წიგნი ჩვენთვის და ასე მოხდა ამ წიგნების გამოფენისთვის შეგროვება. ჩვენი მოქალაქეების დამსახურებაა, რომ დღეს წიგნის გამოფენა ჩატარდა, რადგან მათი ჩართულობა ქმნის სწორედ ამ დიდ სიკეთის გუნდას, რომელიც დიდ საქმეებში გადადის. და ჩვენ ამით ვახერხებთ, რომ იმ ადამიანებს დავუჭიროთ მხარი, რომელთათვისაც ეს ძალიან მნიშვნელოვანია და სჭირდებათ“, – ამბობს საქართველოს კარიტასის მოხალისეობის განვითარების ოფიცერი, მარიამ ცინდელიანი.

„საქართველოს „კარიტასში“ ამ წლის თებერვლიდან ვმოხალისეობ, ძირითადად დრო კვირაობით მაქვს, ამიტომ კვირაობით ვეხმარებოდი წიგნების დონაციაში. ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია მოხალისისთვის, რომ დაინახოს შედეგი, მითუმეტეს პირდაპირი შედეგი, რომ იმ კარგს მართლა შედეგი მოაქვს. განათლება ახალგაზრდებში ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვობიდანვე, და ჩემი სურვილიც ეგ არის, რომ კომპეტენტური გავხდე ჩემ სფეროში და დავეხმარო სხვებს, და წიგნები ამ საკითხში ეხმარება რა თქმა უნდა”, – ამბობს “საქართველოს კარიტასის” მოხალისე ლაშა ჯინიყაშვილი.

წიგნების გამოფენას ბევრი ესტუმრა. ზოგმა იცოდა ამ ღონისძიების შესახებ, ზოგმა კი შემთხვევით, პარკში სეირნობისას შეიტყო. ისინი ამბობენ, რომ მსგავსი აქციები კარგია, რადგან ბევრს საშუალება არ აქვს, რომ მაღაზიაში წიგნი იყიდოს.

„უნივერსიტეტის შემდეგ გამოვედი მზიურში აქვე დავდიოდი და თვალში მომხვდა ეს სტენდი და არ შემეძლო, რომ არ შემოვსულიყავი, მითხრეს რომ შემოწირულობა უნდა გამეღო და ნებისმიერი წიგნის აღება შეგვეძლო. მე ვიყიდე წიგნი სახელწოდებით – “ბოლოს ორივე კვდება”, სულ მაინტერესებდა, ინტერნეტშიც ხშირად ვნახულობდი . ელექტრონულ წიგნებს არ ვკითხულობ, იმიტომ რომ მირჩევნია მაინც ხელში მეჭიროს და ვფურცლო. ჩემი აზრით, საჭიროა ასეთი აქციები, რადგან ბევრს საშუალება არ აქვს, რომ ძვირიანი წიგნები იყიდოს და ესეთ მომენტში ძალიან ხელსაყრელია წიგნების შეძენა“, – ამბობს სტუდენტი გვანცა ახობაძე.

„შევარჩიე ერთი საჩუქრად და ერთი ჩემთვის, მე ავიღე შვლის ნუკრის ნაამბობი, ჩემ ნათესავს უნდა ვაჩუქო და ჩემთვის ავიღე შერლოკის ისტორიები. კითხვა ძალიან მნიშვნელოვანია თანამედროვე ადამიანისთვის, განსაკუთრებით ამ ციფრულ ეპოქაში, როდესაც ძალიან ბევრი ინფორმაციაა, წიგნი ცოტას გვანელებს და კონცენტრაციას გვივითარებს“, – ამბობს მკითხველი ვიოლა სიმონიანი.

საქველმოქმედო ფონდში ამბობენ, რომ შეგროვებული თანხა სოციალურად დაუცველი ბავშვების წიგნიერების ამაღლებას, რეგიონის სკოლების ბიბლიოთეკების მომარაგებასა და საქველმოქმედო პროგრამებს მოხმარდება.

„ეს თანხა, რომელიც დღეს შეგროვდა საქველმოქმედო ფონდის ანგარიშზე გადაირიცხა და ამ თანხით ჩვენ ხელს შევუწყობთ სოციალურად დაუცველი ბავშვების წიგნიერების ამაღლებას, მოვამარაგებთ სოფლის სკოლის ბიბლიოთეკებს და გავცემთ წიგნებს მათთვის, ვისაც არ აქვს ამის შესაძლებლობა, ასევე ეს თანხა შეგვიძლია, მოვახმაროთ ჩვენს პროგრამებს, ძალიან ბევრი საქველმოქმედო პროგრამა გვაქვს“, – ამბობს “საქართველოს კარიტასის” მოხალისეობის განვითარების ოფიცერი, მარიამ ცინდელიანი.

წიგნის საერთაშორისო დღე 1995 წლის 23 აპრილიდან UNESCO-ს ანუ გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის ინიციატივით აღინიშნება.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები