პაპმა ფრანცისკემ მსოფლიო გულწრფელი სიყვარულით, თავმდაბლობითა და უშუალობით პირველივე გამოჩენიდან მოხიბლა. ეს მაშინ დაიწყო, როცა რომის 266-ე პაპი პირველად გამოჩნდა წმინდა პეტრეს ბაზილიკის აივანზე და როგორც კათოლიკური ეკლესიის მეთაური, ხალხს პირველად მიესალმა.
ფრანცისკე, პირველი ლათინოამერიკელი პაპი, ორშაბათს, 21 აპრილს, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. მანამდე ერთი დღით ადრე კი, უკანასკნელად მიმართა წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილებს და აღდგომის დღესასწაული მიულოცა.
2013 წლის 13 მარტს ფრანცისკეს კათოლიკური ეკლესიის მეთაურად არჩევის შემდეგ მან დიდი გზა გაიარა და მთელს მსოფლიოში ბევრი ადამიანის გულიც მოიგო. მაგალითად, ათობით სირიელი ლტოლვილის მიგრანტთა ბანაკიდან რომში წაყვანამ პაპს პროგრესულ წრეებში დიდი პოპულარობა მოუტანა. ეს განაცხადი იყო ვატიკანის ახალ პრიორიტეტებზე.
„ფრანცისკე ხალხის პაპი იყო. მას ასეც ეძახდნენ. მგონი, ამ სიახლოვის, სითბოს, სათნოების, ხალხისადმი თანაგრძნობის გამოხატვა, რაც წინა პაპებსაც ახასიათებდა, მან თითქმის ყველა სხვაზე უკეთ შეძლო.
შეიცვლება თუ არა პაპობა სამუდამოდ? ვფიქრობ, ყოველ მომავალ პაპს ეცოდინება, რომ ხალხი უნდა იყოს ეკლესიის გულში – რეალურად და არა მხოლოდ აბსტრაქტულად, და რომ ადამიანები უნდა ხედავდნენ, როგორ იკრავს პაპი მათ გულში, რამდენად ახლოს არის და როგორ უსმენს მათ“, – ამბობს პაპი ფრანცისკეს ბიოგრაფი, ოსტინ აივერაი.
„ერთი რამ, რაც ყოველთვის ცრემლს მგვრიდა ის იყო, თუ როგორ ზრუნავდა თითოეულ ადამიანზე. მაშინაც კი, როცა დიდ ტკივილს გრძნობდა, ჩერდებოდა, რომ ავადმყოფი ბავშვი ხელში აეყვანა, ან ტანჯვაში მყოფ ადამიანს მოხვეოდა“, – ამბობს კარდინალი კევინ ჯოზეფ ფარელი.
პაპი ფრანცისკე ხშირად სტუმრობდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, უსახლკაროებს, პატიმრებს, ხანდაზმულებსა და ავადმყოფებს.
იგი ვატიკანის სასტუმროში ცხოვრობდა და არა პაპის სასახლეში. ფრანცისკე არც პაპის ტრადიციულ, წითელ ფეხსაცმელს ატარებდა. წინამორბედებისგან განსხვავებით მან არც წმინდა პეტრეს ბაზილიკაში ისურვა დაკრძალვა.
პაპ ფრანცისკეს შაბათს, 26 აპრილს, სანტა მარია მეჯორეს ტაძარში დაკრძალავენ. მის საფლავზე ორნამენტები არ იქნება. ქვაზე არც მის ტიტულებს დაიტანენ. მის საფლავზე, მისივე სურვილით, ერთადერთ სიტყვას – „ფრანცისკეს“ დააწერენ, მის სხეულს კი, იქ დაასვენებენ, სადაც მისი საყვარელი ღვთისმშობლის ხატია დაბრძანებული.