კატეგორიები

სოხუმი თბილისს „ოკუპირებული ტერიტორიების კანონის“ გაუქმებისკენ მოუწოდებს

სოხუმი თბილისს „ოკუპირებული ტერიტორიების კანონის“ გაუქმებისკენ მოუწოდებს

სოხუმი თბილისისგან „ოკუპირებული ტერიტორიების კანონის“ გაუქმებას მოითხოვს. რუსეთის სამთავრობო საინფორმაციო სააგენტო TASS-სთან საუბრისას ოკუპირებული აფხაზეთის ახლად დანიშნული ე.წ. „საგარეო საქმეთა მინისტრი“ ოლეგ ბარციცი „ქართულ ოცნებას“ ახსენებს წინასაარჩევნო განცხადებებს, რომლებიც აფხაზებისა და ოსებისთვის ბოდიშის მოხდას შეეხებოდა.

დე-ფაქტო დიპლომატის თქმით, საჭიროა, ამ განცხადებების რეალობად ქცევა და ქართული ხელისუფლების მხრიდან კონკრეტული პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმა. მისივე განცხადებით, საქართველომ ხელი უნდა მოაწეროს „ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებასაც“.

„საქართველოს ხელისუფლების განცხადებები იმის თაობაზე, რომ სურთ ურთიერთობების გაჯანსაღება მათ ძირითად მეზობლებთან – აფხაზეთთან, სამხრეთ ოსეთსა და რუსეთის ფედერაციასთან, ჩვენი ყურადღების მიღმა არ რჩება, თუმცა, ამავე დროს, აუცილებელია კონკრეტული, რეალური ნაბიჯების გადადგმაც.

ჩემი აზრით, ეს შესაძლებელია რამდენიმე გზით, მათ შორის „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონის გაუქმებით, რომელიც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს; მეორე – სამხედრო ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაზე ხელის მოწერა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში ჩვენ ამ საკითხს ხაზს გავუსვამთ. ამის შემდეგ შესაძლებელი იქნება კიდევ რაიმეზე საუბარი“, – განაცხადა ოლეგ ბარციცმა.

ე.წ. „სამთავრობო ცვლილებები“ რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ბადრა გუნბას დე-ფაქტო „პრეზიდენტად“ დანიშვნის შემდეგ დაიწყო. ე.წ. „საგარეო საქმეთა მინისტრის“ თანამდებობაზე ოლეგ ბარციცმა 18 აპრილს სერგეი შამბა შეცვალა.

Related news
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს სიონის საკათედრო ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის
სხვა ამბები