კატეგორიები

პატიმრობის 100 დღე – მზია ამაღლობელი კვლავ ციხეში რჩება

22 აპრილს 100 დღე გავიდა ჟურნალისტ მზია ამაღლობელის დაპატიმრებიდან.

ავტორიტეტიანი გამოცემების – „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი 11 იანვარს ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დააკავეს. მას ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის, სილის გაწვნას ედავებიან. თუმცა, ჟურნალისტის უფლებადამცველების განცხადებით, საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია და მის პროფესიულ საქმიანობას უკავშირდება. ასევე, როგორც ჟურნალისტი აცხადებს, პოლიციის განყოფილებაში გადაყვანისას მას სახეში შეაფურთხეს, არ აძლევდნენ წყლის დალევისა და საპირფარეშოთი სარგებლობის საშუალებას.

დაკავების პირველივე დღიდან ჟურნალისტის სოლიდარობის ნიშნად მისი კოლეგები, მეგობრები და მხარდამჭერები საპროტესტო აქციებს მართავენ და მის გათავისუფლებას ითხოვენ. თავად ჟურნალისტმა საპატიმრო დაწესებულებაში გადაყვანისთანავე პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყო. რამდენიმე დღეში მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, რის გამოც საჭირო გახდა მისი სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა. პატიმრობის 38-ე დღეს მან კოლეგებისა და მეგობრების თხოვნით შიმშილობა შეწყვიტა, რის შემდეგაც ის კვლავ გადაიყვანეს პენიტენციურ დაწესებულებაში.

მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით განცხადებები გაავრცელეს როგორც დასავლელმა ლიდერებმა, ასევე სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატიურმა უწყებებმა და უფლებადაცვითმა ორგანიზაციებმა. მათ განცხადებებსა თუ ანგარიშებში საუბარი იყო მედიაგარემოს გაუარესებისა და ჟურნალისტების პოლიტიკური ნიშნით დევნის ფაქტებზე. საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის შემაშფოთებელი იყო პატიმრობაში მყოფი მედიამენეჯერის უფლებრივი მდგომარეობა და ის გარემოებაც, რომ მზია ამაღლობელს ამ დრომდე არ აქვს მინიჭებული დაზარალებულის სტატუსი.

მეოთხე თვეა, მზია ამაღლობელის საქმეზე სასამართლო პროცესები გრძელდება. 28 აპრილს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში, კიდევ ერთი პროცესი გაიმართება.

17 აპრილს, მზია ამაღლობელის ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა თქვა, რომ ჟურნალისტის უფლებები სისტემატურად ირღვევა, ამიტომ მზადდება საჩივარი, რომელიც სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში გაიგზავნება.

ჟურნალისტის მიმართ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლითაა აღძრული, რაც ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

Related news
ევრონიუს ჯორჯია – განცხადება გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის
სხვა ამბები