მთავარისაქართველოსახელოვნებო სფეროს პროტესტი კულტურის სამინისტროსთან

სახელოვნებო სფეროს პროტესტი კულტურის სამინისტროსთან

სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლებმა კულტურის სამინისტროს შენობასთან საპროტესტო აქცია გამართეს. შეკრებილებმა კიდევ ერთხელ გამოუცხადეს სოლიდარობა ვასო აბაშიძის სახელობის „ახალი თეატრის“ ხელმძღვანელ დავით დოიაშვილს, რომელიც კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ 16 აპრილს თანამდებობიდან გაათავისუფლა.

აქციის მონაწილეები, მათ შორის პროევროპული საპროტესტო აქციებისას დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის დედა, ლიკა გუნცაძე, რამდენიმე საათის განმავლობაში მოითხოვდნენ მინისტრთან შეხვედრას, თუმცა უწყების კანცელარიისგან უარი მიიღეს. სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ კულტურის სამინისტროს კარის ჩარაზვა ნათლად ასახავს მათდამი „ქართული ოცნების“ მიდგომას.

„ამ ხალხს კიდევ ერთხელ შეეშინდა, თვალი გაუსწოროს ამ სფეროს ხალხს, ჩვენს შეკითხვებს ისინი ვერ პასუხობენ, როგორც ჩანს და გააგრძელებენ საზოგადოების მოტყუებას, რის საშუალებასაც ჩვენ არ მივცემთ, ყველგან ვამხელთ”, – თქვა რეჟისორმა დათა თავაძემ.

კულტურის სამინისტროსთან შეკრებილებმა წაიკითხეს პატიმრობაში მყოფი მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის წერილი, რომელიც მან საპატიმროდან კოლეგებს ხმოვანი შეტყობინების სახით გამოუგზავნა. წერილში მან თინათინ რუხაძესა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს მიმართა.

„რა დღეში ჩაგიგდია თავი, სავარაუდოდ, ცოტა ისტორია გეცოდინებათ და თქვენი გადაწყვეტილება, რამეს რომ არ გახსენებთ, ისევ ჩვენი ისტორიიდან? დათო დოიაშვილი თავის სათქმელს ყველა სივრციდან იტყვის და ხალხი მის სათქმელს დაელოდება, იმიტომ რომ მართალია, ნიჭიერია, ნამდვილია და ღირსეული ადამიანია. ისე წესით, ამ ყველაფრისთვის ვერ უნდა იცლიდეთ, გახსენებთ – გელათი გენგრევათ, ხუთი წელია, ვერ გადახურეთ და მხოლოდ თქვენი ბრალია, რაც გელათს სჭირს, სვეტიცხოველში ტაშტების შეყუდების მეტს ჯერჯერობით ვერაფერს ვხედავთ, რისთვის იცლით? უხერხულობა ოდნავ მაინც არ გაწუხებთ? ჩემი სოლიდარობა უღირსეულეს მეგობარს დათო დოიაშვილს. დოი, ყველაფერი წინ არის“, – ნათქვამია ანდრო ჭიჭინაძის წერილში, რომელიც კულტურის სამინისტროს წინ მსახიობმა გივიკო ბარათაშვილმა წაიკითხა.

უწყებასთან საზოგადოებას „თეატრის უწყვეტი საპროტესტო კერის“ შექმნის შესახებ აცნობა რეჟისორმა მიხეილ ჩარკვიანმა.

„გადავწყვიტეთ, შევქმნათ თეატრის უწყვეტი საპროტესტო კერა, რომელიც თავის წიაღში შექმნის ახალ ტექსტებს, შექმნის ახალ სპექტაკლებს, ახალ დისკუსიებს, ახალ ნარატივებსა და მაყურებელს გამოიყვანს გარეთ ზუსტად ისე, როგორც ქართული თეატრი გამოაგდეთ ქუჩაში, ახლა, ის ქუჩაში გამოიყვანს საკუთარ მაყურებელს“, – თქვა რეჟისორმა მიხეილ ჩარკვიანმა.

16 აპრილის საღამოს ერთ-ერთმა ტელეკომპანიამ გაავრცელა ინფორმაცია ვასო აბაშიძის სახელობის „ახალი თეატრის“ სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან დავით დოიაშვილის გათავისუფლების შესახებ, განკარგულებას კი ხელი კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ მოაწერა. ამის მიუხედავად, უწყებას ოფიციალური ინფორმაცია არც ვებგვერდსა და არც სოციალურ პლატფორმებზე არ გაუვრცელებია და რამდენიმე საათში მედიის ზარებს არც კულტურის სამინისტროს პრესსამსახური პასუხობდა.

თინათინ რუხაძის გადაწყვეტილებას 16 აპრილის საღამოსვე სპონტანური საპროტესტო აქცია მოჰყვა. სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები „ახალი თეატრის“ მიმდებარედ შეიკრიბნენ, დავით დოიაშვილს სოლიდარობა გამოუცხადეს, ღამით კი მსვლელობით მივიდნენ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend