დავით დოიაშვილი „ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის“ ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. კულტურის სამინისტრომ ეს გადაწყვეტილება ტელეკომპანია „იმედისთვის“ გაგზავნილ განცხადებაში ახსნა. უწყების ცნობით, სამინისტროს მხრიდან „არაერთგზის გაფრთხილების“ მიუხედავად, „ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის“ ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ „ვალდებულებას არ ასრულებდა“. ამ ფაქტთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გააკეთა „ახალი თეატრის“ დასმა.
„არალეგიტიმურმა კულტურის სამინისტრომ, ახალი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა დავით დოიაშვილი, რადგან მან გაბედა და ხმა აიმაღლა იმ უსამართლობის წინააღმდეგ, რომლის წინაშეც საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე ვდგავართ. დავით დოიაშვილზე თავდასხმა არის თავდასხმა თითოეულ ჩვენგანზე. ეს არის დასჯა სოლიდარობისთვის, თანადგომისთვის, თავისუფალი აზრისთვის და თავდასხმა თითოეულ ხელოვანზე, რომელიც ემსახურება ხალხსა და სახელმწიფოს! ჩვენ, ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის დასი, რომლის წევრიც ამჟამად უსამართლო ტყვეობაშია, წინსვლასა და განვითარებას დავით დოიაშვილის ხელმძღვანელობის გარეშე ვერ ვხედავთ! არ ვაღიარებთ არალეგიტიმური კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებას და ჩვენ, ამ თეატრის დასი, დავით დოიაშვილს არ ვუშვებთ! ვდგავართ მასთან ერთად და ვიდგებით გამარჯვებამდე“, – წერია განცხადებაში, რომელიც მსახიობმა, კახა კინწურაშვილმა წაიკითხა.
კულტურის სამინისტროს ამ გადაწყვეტილებას მოქალაქეების პროტესტი მოჰყვა. „ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრთან“ მსახიობები, მწერლები, რეჟისორები და რიგითი მოქალაქეები შეიკრიბნენ. მოგვიანებით მათ სიტყვით მიმართა დავით დოიაშვილმა.
„ეს თეატრი იყო იმის მაგალითი, თუ როგორ შეიძლება დაუჭირო მხარი ერთ ადამიანს და გამოუცხადო სოლიდარობა. ამ ყველაფერს ველოდი, ველოდი უფრო ადრე, ვიდრე ეს მოხდა. ვიქნები თუ არა ამ თეატრის ხელმძღვანელი, მეორეხარისხოვანია. მე წავალ თუ მოვალ, არ არის მთავარი. მთავარია, გამოუშვათ პოლიტპატიმრები“, – განაცხადა რეჟისორმა დავით დოიაშვილმა.
დავით დოიაშვილს სოლიდარობას უცხადებს თეატრების დიდი ნაწილი. მათ გაავრცელეს განცხადებები, რომლებშიც წერენ, რომ მისი გათავისუფლება არის თავდასხმა როგორც წარმატებულ თეატრალურ პროცესზე, ისე გამოხატვისა და შემოქმედებით თავისუფლებაზე.
„ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი“ უკვე რამდენიმე თვეა, საპროტესტო ტალღაშია ჩართული. თეატრის მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე აქციების დროს დააკავეს და მას პროკურატურა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება. შემოქმედებითი ჯგუფი ითხოვდა დემონსტრაციებზე დაკავებული მათივე თეატრის მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძისა და სხვა აქტივისტების გათავისუფლებას. ითქვა, რომ თუ დაკავებულები 20 იანვრამდე საპატიმროებს არ დატოვებდნენ, ახალი თეატრი „პასიური პროტესტიდან“ მოქმედებაზე გადავიდოდა. 23 იანვარს დავით დოიაშვილმა საპროტესტო მანიფესტი წარადგინა და განაცხადა, რომ „ახალი თეატრი“ გავიდოდა რეგიონებში, მივიდოდნენ ყველგან და ყველას დაელაპარაკებოდნენ.
ავტორი: ანა ალელიშვილი
