ავტორიტეტიანი გამოცემების დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის, ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა გააკეთა საგანგებო განცხადება, რომელშიც ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტის მიმართ გახმოვანებულ ბრალდებებზე ისაუბრა.
ადვოკატი ამბობს, რომ მზია ამაღლობელის ბრალის დადგენილებაში თავად პროკურატურაც არ წერს, რომ ის 11 იანვრის ღამეს ვინმეს დავალებით მოქმედებდა.
მაია მწარიაშვილის განცხადებით, პოლიციელის შეურაცხყოფისთვის განსაზღვრული ბრალის ნაცვლად, მზია ამაღლობელს ბრალი წარდგენილი აქვს პოლიციელზე თავდასხმისთვის. ადვოკატი ამბობს, რომ სილის გაწვნა პოლიციელის შეურაცხყოფაა, შესაბამისად, ჟურნალისტის მიმართ გამოძიება სწორედ ამ მუხლით უნდა მიმდინარეობდეს.
მზია ამაღლობელის დაცვის მხარე კვლავ აცხადებს, რომ ჟურნალისტის საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.
16 აპრილს ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა, რომ მზია ამაღლობელი კონკრეტულ დაკვეთას ასრულებდა, როდესაც პოლიციელს შეურაცხყოფა მიაყენა.