მთავარისაქართველოალექსანდრე წულაძემ დაინტერესებულ მხარეებს განათლების „ახალი ხედვა” წარუდგინა

ალექსანდრე წულაძემ დაინტერესებულ მხარეებს განათლების „ახალი ხედვა” წარუდგინა

განათლების სამინისტროს ცნობით, მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ სასკოლო საზოგადოებასა და დაინტერესებულ მხარეებს ზოგადი განათლების ახალი ხედვა წარუდგინა და ამ ხედვის ფარგლებში განსახორციელებელი ინიციატივები მათთან ერთად განიხილა.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სკოლებში სწავლების ხარისხის ამაღლების ხელშეწყობას, მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებასა და კარიერული წინსვლის სქემის განახლებასა და სასკოლო გარემოს გაჯანსაღების უზრუნველყოფას.

განცხადების თანახმად, ახალი ხედვის ფარგლებში „ჰუმანიტარული მიმართულების გაძლიერების მიზნით, ლიტერატურისგან დამოუკიდებლად, ცალკე დამტკიცდება ქართული ენის სტანდარტი“, რაც მოსწავლეებში ქართული ენის ცოდნის გაღრმავებას შეუწყობს ხელს. მინისტრის განმარტებით, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ქვეყნის ფიზიკა-მათემატიკური სკოლების გაძლიერების მიმართულებითაც.

ამასთან, „შეიცვლება საშუალო საფეხურის მოწყობა, რაც გულისხმობს მოსწავლეებისთვის ორი მიმართულების შეთავაზებას. ერთის მხრივ მათ საშუალება ექნებათ, სწავლა გააგრძელონ აკადემიური კუთხით და ისწავლონ მათთვის საინტერესო საკითხები ინტენსიურად. მეორეს მხრივ, პროფესიული მიმართულების არჩევის შემთხვევაში, ინტეგრირებულ პროგრამაზე გააგრძელონ სწავლა და ატესტატთან ერთად პროფესიული დიპლომი მიიღონ”.

უწყების ინფორმაციით, ახალი საგნობრივი სტანდარტების მიხედვით ყველა სასკოლო სახელმძღვანელო განახლდება. ამასთან, დამტკიცდება ჩინურის, როგორც მეორე უცხო ენის სტანდარტი და ჩინური ენის შემსწავლელი საგანმანათლებლო რესურსების განვითარება დაიწყება. ახალი ხედვა მოიცავს მასწავლებელთა კარიერული წინსვლის მიმართულებით მათ ინტერესებზე მორგებული სქემის შექმნასაც, რომელიც განათლების სამინისტროს ცნობით, საზოგადოებას ზაფხულში უნდა წარედგინოს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend