მთავარისაქართველოაფგან სადიგოვი: „დამაკავეს დიქტატორი ალიევის შეკვეთით და საქართველოში დიქტატორობის გზაზე შემდგარი კობახიძის...

აფგან სადიგოვი: „დამაკავეს დიქტატორი ალიევის შეკვეთით და საქართველოში დიქტატორობის გზაზე შემდგარი კობახიძის დავალებით“

„დამაკავეს დიქტატორი ალიევის შეკვეთით და საქართველოში დიქტატორობის გზაზე შემდგარი კობახიძის დავალებით“, – განაცხადა აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა აფგან სადიგოვმა დღეს, 17 აპრილს, მის უფლებადამცველებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

„უნდა იცოდნენ, რომ შეიძლება, აფგან სადიგოვი დაიჭირონ, შეიძლება მოკლან კიდეც, მაგრამ მათ ნაცვლად აუცილებლად სხვები გამოჩნდებიან.

აზერბაიჯანში უკვე 400-მდე პოლიტიკური პატიმარია და არსებული რეჟიმის სიველურე პიკს აღწევს. აზერბაიჯანში ყოველ ჯერზე, როცა მაკავებდნენ, ჩემს ოჯახს აშანტაჟებდნენ და მცირეწლოვანი შვილების მკვლელობით მემუქრებოდნენ.

ყოველ ჯერზე მივმართავდი ალიევს, ეს ჩვენი ბრძოლაა და ოჯახს უნდა შეშვებოდა. კრიტიკოსების გაჩუმებას კი ვერ მიიღებდა.

სამწუხაროდ, დიქტატორები არასდროს გამოსწორდებიან“, – თქვა აფგან სადიგოვმა.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ხელმძღვანელის, თამთა მიქელაძის თქმით, არსებობს ჟურნალისტის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევები და თუკი ის რისკის წინაშე აღმოჩნდება, „ეს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური რეჟიმის დანაშაული და პასუხისმგებლობა იქნება“.

როგორც სადიგოვის უფლებადამცველები აღნიშნავენ, ჟურნალისტის გათავისუფლება სტრასბურგის სასამართლოს დამსახურებაა, რომელმაც 27 თებერვალს გადაწყვიტა, საქართველოსთვის დევნილი ჟურნალისტის აზერბაიჯანში ექსტრადიცია აეკრძალა, ვიდრე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ამ საქმეზე არსებით გადაწყვეტილებას არ მიიღებს.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის” ცნობით, რეპრესიის, დევნისა და მუქარის გამო აფგან სადიგოვის ოჯახი იძულებული გახდა საქართველო დაეტოვებინათ.

აფგან სადიგოვი 9-თვიანი საექსტრადიციო პატიმრობის შემდეგ გუშინ, 16 აპრილს, გათავისუფლდა. კანონით საექსტრადიციო პატიმრობის მაქსიმალური ვადა 9 თვითაა განსაზღვრული. აფგან სადიგოვის შემთხვევაში ეს ვადა 3 მაისს იწურებოდა. „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ თანახმად, სწორედ ამის გამო პროკურატურა იძულებული გახდა აღკვეთის ღონისძიების შეცვლის მოთხოვნით სასამართლოსთვის მიემართა.

აფგან სადიგოვი azel.tv-ის მთავარი რედაქტორია. ის აზერბაიჯანში კორუფციასა და სოციალურ საკითხებზე აქტიურად წერს. მისი პუბლიკაციები ხშირად ეძღვნება აზერბაიჯანის ხელისუფლების კრიტიკასა და ადგილობრივი ოფიციალური პირების უკანონო საქმიანობას.

სადიგოვი ერთ-ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის დახმარებით მეუღლესა და ორ არასრულწლოვან შვილთან ერთად საქართველოში 2023 წლის 24 დეკემბერს ჩამოვიდა. თბილისში იგი 2024 წლის 3 აგვისტოს დააკავეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend