კოალიცია „ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, „ქართული ოცნების“ ინიციატივით შექმნილ დროებით საპარლამენტო-საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.
16 აპრილს ზურაბ გირჩი ჯაფარიძე თბილისის პროკურატურაში მივიდა. მედიასთან საუბრისას მან განაცხადა, რომ სასამართლოსგან მოელის, სხვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მსგავსად, გირაოს დაკისრებას ან სახელმწიფო საზღვრის კვეთის აკრძალვას. მანვე დასძინა, რომ არც ქვეყნის დატოვებასა და არც გირაოს გადახდას არ აპირებს.
„არაფერზე ხელი არ მომიწერია. დღეს გადააგზავნიან, სავარაუდოდ, სასამართლოში, მერე იქნება პროცესი და იმსჯელებენ, ალბათ, აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე. დამკვიდრებული პრაქტიკა რაცაა, რომ გირაოს უფარდებენ და ისე უშვებენ, ერთი ლარის გადამხდელი არ ვარ! არაფრის გადამხდელი არ ვარ! გირაოს შინაარსი არის ის, რომ არ გავიქცე ქვეყნიდან, ეს არ ვქნა და ის არ ვქნა. არსად წასვლას არ ვაპირებ! როცა პირველად შემომეხმიანნენ, სტრასბურგში ვიყავი, ჩამოვედი, აქ ვარ. ზოგადად, ამ ქვეყნიდან არსად წასვლას არ ვაპირებ მანამ, სანამ ამათ არ გავუშვებ, მანამდე არც გაჩერებას არ ვაპირებ! შესაძლოა, პასპორტი ჩამომართვან. ჩემი ბოლო ოთხი გასვლა დაემთხვა ისე, რომ რამდენიც წავედი, იმდენჯერ აქ ვიღაცები დაასანქცირეს, ყოველ ჯერზე და შეიძლება ჩათვალონ, რომ ეს ჩემი დამსახურებაა, რადგან მე იქ ვიყავი. არის ჩემი დამსახურება, მაგრამ ვიზიტებთან ეს კავშირში არაა. არც ესაა პრობლემა, არსად ამ ქვეყნიდან წასვლა არ ვაპირებ!“ – განაცხადა კოალიცია „ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ ბრალის წარდგენის შემდეგ.
.
თბილისის პროკურატურამ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მიმართ საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით აღძრა, რაც ჯარიმას ან ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას, სამ წლამდე ვადით თანამდებობის დაკავებას ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას გულისხმობს.
„ქართული ოცნების“ ინიციატივით შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო სასამართლომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიმართ გირაო არაერთხელ გამოიყენა. კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს 50 000-50 000 ლარის, თავდაცვის ყოფილ მინისტრს, 20 000 ლარის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ წევრს კი, 10 000-ლარიანი გირაოს გადახდა დააკისრა.