შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოლიციელი, რომელმაც საპროტესტო აქციებისას მხედველობა დაკარგა, გიორგი ზაბახიძეა.
უწყების განცხადებაში წერია, რომ 2024 წლის 29 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე მას „აქციის მონაწილეთა მხრიდან ნასროლი ბლაგვი საგნის მოხვედრის შედეგად, თვალი დაუზიანდა“.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ პოლიციელმა მარჯვენა თვალში მხედველობა სრულად დაკარგა და მისთვის მხედველობის აღდგენა, როგორც ქართველი ისე უცხოელი მედიკოსების დასკვნით, შეუძლებელია.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს უფროს დეტექტივს, გიორგი ზაბახიძეს, გასული წლის 29 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, აქციის მონაწილეთა მხრიდან ნასროლი ბლაგვი საგნის მოხვედრის შედეგად, თვალი დაუზიანდა.
დაშავებული სამართალდამცველი სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა გადაიყვანეს შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც მას გადაუდებელი დახმარება გაეწია. ჩატარებული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ბლაგვი საგნის მოხვედრის შედეგად, პოლიციელმა მარჯვენა თვალში მხედველობა დაკარგა.
თბილისში რამდენიმე კლინიკის შესაბამისი პროფილის მედიკოსების დასკვნებით დადგინდა, რომ თვალი ოპერაციასა და განკურნებას არ ექვემდებარება, რის შემდგომაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის მიერ სამედიცინო მასალა გადაიგზავნა ავსტრიის, ისრაელისა და თურქეთის რამდენიმე კლინიკაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი დამატებითი კვლევებისა და მკურნალობის ჩატარების მიზნით გაიგზავნა ანკარაში, კლინიკა „გიუვენსა” და სტამბოლში, კლინიკა „აჯიბადემში”, თუმცა კლინიკების წამყვანი ოფთალმო-ქირურგების დასკვნით მხედველობის აღდგენა შეუძლებელია”, – წერს შსს.
განცხადებაში ნათქვამია ისიც, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით ყველა შესაბამისი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედება მიმდინარეობს. უწყების ცნობით, ამ დროისთვის დამნაშავე იდენტიფიცირებული არ არის.