კატეგორიები

სადავო კანონპროექტები დაჩქარებული წესით დამტკიცდა

სადავო კანონპროექტები დაჩქარებული წესით დამტკიცდა

16 აპრილს „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რამდენიმე საკანონმდებლო ცვლილება საბოლოო, მესამე მოსმენით დაამტკიცა.

რამდენიმე მიღებულ კანონპროექტს შორისაა პოლიტიკური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი. ცვლილებებს, რომლებიც „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შედის, მხარი 80-მა დეპუტატმა დაუჭირა.

ამასთან, წინააღმდეგობის გარეშე დამტკიცდა ცვლილებები „გრანტების შესახებ“ კანონში. რეგულაციების ამოქმედების შემდეგ საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები გრანტს მთავრობის თანხმობის გარეშე ვეღარ გასცემენ. აკრძალული გრანტის მიღება გამოიწვევს გრანტის მიმღების დაჯარიმებას ამ გრანტის ორმაგი ოდენობით.

კანონპროექტი გამონაკლისებსაც ადგენს – კერძოდ, მთავრობის სავალდებულო თანხმობის წესი არ ვრცელდება საერთაშორისო სპორტული ასოციაციის, ფედერაციისა და კომიტეტის მიერ გრანტის გაცემაზე, საქართველოს საზღვრებს გარეთ საშუალო და უმაღლესი განათლების მიღებისა და სამეცნიერო მუშაობისთვის გაცემულ ინდივიდუალურ სტიპენდიაზე, ასევე საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გრანტის მიღებაზე.

„გრანტების შესახებ“ მიღებული ცვლილებები უფლებადაცვითი ორგანიზაციის, „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ცენტრალურმა ოფისმა 15 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში გააკრიტიკა და მას სამოქალაქო საზოგადოებისთვის საფრთხისშემცველი უწოდა.

ეს კანონპროექტი „ქართულმა ოცნებამ“ 7 აპრილს იურიდიულ საკითხთა კომიტეტში დაარეგისტრირა და დაჩქარებული წესით, ცხრა დღეში მიიღო. ცვლილებები ძალაში საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებისთანავე შევა.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები