მთავარისაქართველოპარლამენტმა „ანტინარკოტიკული რეფორმა“ დაამტკიცა

პარლამენტმა „ანტინარკოტიკული რეფორმა“ დაამტკიცა

„ქართულმა ოცნებამ“ მესამე მოსმენით მიიღო კანონპროექტი ნარკოდანაშაულის შესახებ და სისხლის სამართლის კოდექსში ნარკოდანაშაულთან დაკავშირებული მუხლები გაამკაცრა.

მმართველი პარტიის დამტკიცებული ცვლილებების თანახმად, მკაცრდება სასჯელი ყველა სახის ნარკოტიკული საშუალების გაყიდვისთვის – მცირე ოდენობის ნარკოტიკის გაყიდვა დაისჯება 12-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობით. კანაფისა და მარიხუანის გასაღებაზე პირი 3-დან 6 წლამდე პატიმრობით დაისჯება, ხოლო ამ საშუალებათა გაყიდვა 5-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კანონი განსაზღვრავს, რას ჩათვლის სახელმწიფო ნარკოტიკებით ვაჭრობად და ვის ჩათვლის ნარკომოვაჭრედ, ასევე იმას, თუ ვინ ჩაითვლება ნარკომოვაჭრის ოჯახის წევრად, ახლო ნათესავად და დაკავშირებულ პირად, რა ჩაითვლება ნარკომოვაჭრის ქონებად – კანონში ასეთი განმარტებები არ არსებობდა.

„ქართული ოცნების“ მიღებული კანონპროექტით, შესაძლებელი გახდება ნარკორეალიზატორის ან ნარკოტიკების გავრცელებაში ხელშემწყობის უძრავ-მოძრავი ქონების ჩამორთმევა და სახელმწიფოსთვის გადაცემა.

სამი მოსმენით დამტკიცებული ცვლილებებით მმართველი პარტია მეტ უფლებამოსილებას ანიჭებს სამართალდამცველებს. კერძოდ, თუკი პოლიციელი ქცევით ან სხვა რაიმე გარეგნული ნიშნით ჩათვლის, რომ მოქალაქე შეიძლება ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ იყოს, მას უფლება აქვს, გადაიყვანოს იგი ექსპერტიზაზე. სამართალდამცველის ამ მოთხოვნაზე უარის თქმა შესაძლებელია, მაგრამ უარის შემთხვევაში, მოქალაქეს მაინც რჩება ვალდებულება, პოლიციას 24 საათის განმავლობაში წარუდგინოს დამოუკიდებლად ჩატარებული კვლევის შედეგები. მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო მოქალაქე თავდაპირველად 500-დან 2 000 ლარამდე ჯარიმით, ან 60 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობით დაისჯება, განმეორების შემთხვევაში კი გათვალისწინებულია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. პატიმრობის აცილება შესაძლებელი იქნება მათთვის, ვინც პოლიციას ნარკოტიკულ საშუალებებს ნებაყოფლობით ჩააბარებს.

„ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებულ და 16 აპრილს დამტკიცებულ ე.წ. „ანტინარკოტიკულ რეფორმას“ ადგილობრივი თუ საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაციების ნაწილი კრიტიკულად და რეპრესიულად აფასებს. „ლიბერალური ნარკოპოლიტიკის“ მომხრე თავად „ქართული ოცნებაც“ იყო და ამ მხრივ ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი 2017 წელს გადადგა, როცა მარიხუანის მოხმარებისთვის სისხლის სამართლის სანქციები გააუქმა. 2025 წლის თებერვალში „ქართული ოცნების“ წევრმა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა ლიბერალურ ნარკოპოლიტიკას „თავსმოხვეული“, „ანტიეროვნული“ და „ანტიქართული“ უწოდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend