კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულ ბექა ჯაიანს თბილისის საქალაქო სასამართლომ უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა მიიღო.
სასამართლომ ბექა ჯაიანი დამნაშავედ ცნო, როგორც განსაკუთრებული სისასტიკითა და გენდერის ნიშნით ჩადენილ მკვლელობაში, ისე გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით სისტემატურ ცემაში.
განაჩენის გამოცხადებას თავად ბექა ჯაიანი არ დასწრებია. მოსამართლის განმარტებით, მან პენიტენციური დაწესებულებიდან წერილი გამოგზავნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ სხდომაზე ფსიქოემოციური მდგომარეობის გამო არ გამოცხადდა და საკუთარ საქციელს ნანობს.
იგი ბრალს ნაწილობრივ აღიარებს, არ ეთანხმება არც განსაკუთრებული სისასტიკით, გენდერის ნიშნით მკვლელობასა და არც სისტემატურ ცემას.
კესარია აბრამიძე 2024 წლის 18 სექტემბერს თბილისში, საკუთარ სახლში მოკლული იპოვეს. მკვლელობიდან რამდენიმე საათში ბექა ჯაიანი ქუთაისის აეროპორტთან დააკავეს.