მთავარისაქართველო„კატეგორიულად უარს არ ვამბობ" - გიორგი გახარია თვითმმართველობის არჩევნებზე

„კატეგორიულად უარს არ ვამბობ” – გიორგი გახარია თვითმმართველობის არჩევნებზე

„გიდასტურებთ, რომ ვემზადებით თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობისთვის“ – ეს განცხადება პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ 15 აპრილს TV პირველის გადაცემა „რეაქციის“ ეთერში გააკეთა. ამ პარტიაში ამბობენ, რომ ისინი საკუთარი წესებით მოქმედებენ და თვლიან, რომ პასუხისმგებლიანი პოლიტიკური პარტია არჩევნებში უნდა მონაწილეობდეს.

„გიდასტურებთ, რომ კატეგორიულად უარს არ ვამბობ და ვერავინ მათქმევინებს, რადგან ეს ჩვენი და ჩვენი ამომრჩევლების გადასაწყვეტია და ვერანაირი წნეხი, მარჯვნიდან, მარცხნიდან, ახლა სახელებს არ დავასახლებ… მე ყოველთვის იმას ვამბობ, რისი გადათქმაც შემდეგ ძალიან იშვიათად ხდება“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

„ქართული ოცნების“ წევრები ამბობენ, რომ გიორგი გახარია არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილების გახმაურებით ცდილობს დაბალი რეიტინგის მქონე ოპოზიციური პარტიების ფონზე, საზოგადოების ყურადღება მიიპყროს. მმართველი პარტიის დეპუტატები იმასაც ამბობენ, რომ სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიას უცხოელი მბრძანებლები განსხვავებულ დავალებებს აძლევენ და გახარიას ახლა ასე უბრძანეს.

„ერთი მხრივ, როგორ წარმოუდგენია პერსპექტივა, ხელისუფლებასთან კონკურენციაში შევიდეს და, მეორე მხრივ, რა დავალებას მიიღებენ თავიანთი გარე პატრონებისგან. როგორც ჩანს, ამ ბრძოლაში შემოსვლას გახარია პირველი ცდილობს, რათა სხვა ძალებთან შედარებით, უპირატესობა მოიპოვოს. ფაქტია, რომ გიორგი გახარია პოლიტიკური სივრციდან არც არასოდეს გაწეულა. პარლამენტში ფიზიკურად არ არის, თორემ არც დაფინანსებაზე თქვა უარი და არც მანდატები დაუთმია. მათ შორის, საგამოძიებო კომისიის სხდომაზეც იმყოფებოდა. პროცესიდან გაწეული არც არასოდეს ყოფილა, უბრალოდ, ტაქტიკის თვალსაზრისით, ჰგონია, რომ უკეთესი იქნება, რაც მალე შევა ამ ბრძოლაში არა მხოლოდ ხელისუფლების წინააღმდეგ, არამედ ოპოზიციასთან მიმართებით. კვლევების გათვალისწინებით, გიორგი გახარიას ნაკლები შანსი აქვს, კონკურენცია გასწიოს, თუმცა, როგორც ჩანს, მიიჩნევს, რომ მას რესურსი აქვს, სხვა დისკრედიტებულ და პარლამენტიდან განდევნილ პარტიებთან შედარებით ხმები წაიღოს. მისი მცდელობაა, გარკვეული ნიშა დაიჭიროს, სხვა პარტიებისგან დისტანცია დაიკავოს, თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რა თამაშს თამაშობენ, ისინი „ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენენ“, – განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა.

განსხვავებული შეფასებები ისმის იმ ოპოზიციური პარტიებიდან, რომელთაც გასულ არჩევნებზე ბარიერი გადალახეს. თუმცა, ოთხიდან სამ პარტიაში თანხმდებიან, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობით კნინდება მიმდინარე პროტესტისა და ამ პროტესტის მიმართ საგარეო მხარდაჭერის მნიშვნელობა, რაც ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის პროცესს აფერხებს და ზიანს აყენებს.

„გახარიას გადაჭრით არ უთქვამს, იღებს თუ არა მონაწილეობას. თქვა, რომ იტოვებს მაგ ვერსიას, რომ შეიძლება, მიიღოს მონაწილეობა. ჩემი აზრით, თუ არ შესრულდა ორი პირობა – საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნა კონკრეტული პირობებით, რომლებიც შეთანხმებულია ყველა მსხვილ ოპოზიციურ ჯგუფს შორის, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არანაირი აზრი არ აქვს. პირიქით, ეს იქნება ერთი მხრივ, პროტესტის მუხტის მოკვლა, მეორე მხრივ, ის, რაც გარედან აქამდე შევინარჩუნეთ ამდენი ხნის განმავლობაში – არაღიარება ამ რეჟიმისა და სანქციების შემოღება, ამ ყველაფრის წყალში გადაყრა“, – განაცხადა კოალიცია „ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზურა (გირჩი) ჯაფარიძემ.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2025 წლის 4 ოქტომბერს უნდა გაიმართოს. არჩევნებამდე თითქმის 6 თვით ადრე ქართულ პოლიტიკურ ველზე წინასაარჩევნო ტემპერატურა იმატებს, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის გადაწყვეტილება გადაავადა. რუსთაველის გამზირზე კი გრძელდება პროტესტი ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით.

ავტორი: ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend