როგორ უნდა იმოქმედონ სამხედრო დანაყოფებმა მომავლის ომებში… ამერიკის შეერთებული შტატები მორიგ ექსპერიმენტულ სამხედრო სწავლებას მართავს. წვრთნების დასახელებაა (ქენვერჯენს ქაფსთოუნ) Convergence Capstone 5 და მიზნად ისახავს ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით სამხედრო ოპერაციების წარმოებას. ეს სწავლება ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტის ექსპერიმენტულ მანევრებს მოიცავს. წვრთნები კალიფორნიის შტატში, ფორტ-ირვინში, მიმდინარეობს და მასში ჩართულია 6000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე როგორც ამერიკის თავდაცვის დანაყოფებიდან, ისე პარტნიორი ქვეყნებიდან.
წვრთნებს ხელმძღვანელობს აშშ-ის „მომავლის არმიის“ სარდლობა. ეს სარდლობა ორიენტირებულია სამომავლო ოპერაციების ჩატარებაზე, ავითარებს ახალ სტრატეგიებს, ტექნოლოგიებსა და ომის წარმოების შესაძლებლობებს. ექსპერიმენტული წვრთნები („ქენვერჯენს ქაფსთოუნ“) Convergence Capstone 5 ორი ნაწილისგან შედგება. პირველი ნაწილი იმართება ეროვნულ საწვრთნელ ცენტრში, სადაც სახმელეთო ძალები გაიშლებიან ერთმანეთისგან საკმაოდ დიდი დაშორებით, სწორედ ამ დროს შემოწმდება ახალი თაობის მართვისა და კონტროლის სისტემა.
შემდეგი ეტაპი მეტად გლობალურ ექსპერიმენტთანაა დაკავშირებული და გულისხმობს მოქმედებებს ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში. ეს ნაწილი მოიცავს აშშ-ის სხვადასხვა სამხედრო ნაწილისა და საერთაშორისო პარტნიორების ერთობლივი მოქმედების პრინციპების გაუმჯობესებას. ასევე იხვეწება მართვისა და კონტროლის ახალი თაობის სისტემები, სამხედრო ოპერაციების დროს ხელოვნური ინტელექტის აქტიური გამოყენება და ასე შემდეგ.
ძირითადი ყურადღება გამახვილებულია საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემების ექსპლუატაციაზე. წვრთნებში აქტიურად არიან ჩართული აშშ-ის საჰაერო ძალები, მასში ასევე მონაწილეობენ აშშ-ის კოსმოსური ძალები, ეროვნული გვარდია, არმია, საზღვაო ძალები, საზღვაო ქვეითთა კორპუსი და სამხედროები შემდეგი პარტნიორი ქვეყნებიდან: დიდი ბრიტანეთიდან, ავსტრალიიდან, კანადიდან, ახალი ზელანდიიდან, საფრანგეთიდან და იაპონიიდან.
აშშ-ის საჰაერო ძალები მომავლის სარდლობის შტაბის უფროსის მოადგილის გენერალ-ლეიტენანტ დეივ ჰარისი კომენტარს აქვეყნებს: „ჩვენ ვართ თაობათა ევოლუციის შუაგულში, როდესაც საქმე ეხება ოპერატიული კონცეფციების შემუშავებას, ტექნოლოგიების დანერგვასა და ძალების ინტეგრაციის ახალ დონეებს. მსგავსი ღონისძიებები მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ ვავითარებთ და ვიღებთ ერთობლივი შესაძლებლობების ძალას, რომელიც უზრუნველყოფს უპირატესობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში და საშუალებას აძლევს აშშ-ს, საფრთხეებს გაუმკლავდეს“.
როგორც აშშ-ის საჰაერო ძალებში აცხადებენ, ეს სწავლება მნიშვნელოვნად დაეხმარება საჰაერო ძალებსა და მოკავშირეებს, მზად შეხვდნენ მომავლის საფრთხეებს, დახვეწონ პროცედურები და ტექნოლოგიები, ასევე მონაცემების შესწავლის პროცესი. მიმდინარე წვრთნების შესახებ დეტალური ინფორმაცია ოფიციალურად ჯერ არ ვრცელდება. თუმცა 2021 წელს აშშ-ის „მომავლის არმიის“ სარდლობის ოპერაციების დაგეგმვის თანათავმჯდომარემ ისაუბრა იმ საკითხებზე, რომლებზეც ზოგადად სარდლობა ამახვილებს ყურადღებას.
„„მომავლის არმიის“ სარდლობის მიზანია, დააჩქაროს არმიის მოდერნიზაციის პროცესი პრიორიტეტების მიხედვით. შევქმენით ჯვარედინი ფუნქციების მქონე ჯგუფები, რომლებიც სწორედ ამ მოდერნიზაციაზე არიან პასუხისმგებელი. გადავწყვიტეთ, უფრო მეტი ვიმუშაოთ ტექნოლოგიების ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით გამოყენებაზე. მაგალითად, შევქმენით ხელოვნური ინტელექტის მქონე სადაზვერვო სისტემა, რომელშიც შედის ოთხი საჰაერო მცირე პლატფორმა და ოთხიც სახმელეთო რობოტული სახმელეთო მანქანა, რომლებიც ერთმანეთთან კოორდინაციაში მოქმედებენ“, – აღნიშნავს პოლკოვნიკი ანდრე აბადი, „მომავლის არმიის“ სარდლობის ოპერაციების დაგეგმვის თანათავმჯდომარე.
წვრთნები თებერვალში დაიწყო და აპრილის ბოლომდე გაგრძელდება. როგორც აშშ-ის საჰაერო ძალების ოფიციალურ ვებგვერდზე წერია, ძალები აგრძელებენ შესაძლებლობების განვითარებას იმისთვის, რომ შეინარჩუნონ კონკურენტუნარიანობა გამოწვევების წინაშე მდგარ მსოფლიოში.