მთავარისაქართველოაქციებისას დაკავებული გიორგი მინდაძის საქმეზე მორიგი სხდომა გაიმართა

აქციებისას დაკავებული გიორგი მინდაძის საქმეზე მორიგი სხდომა გაიმართა

თბილისის საქალაქო სასამართლოში საპროტესტო აქციებისას დაკავებულთა საქმეების განხილვა გრძელდება. 16 აპრილს პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული გიორგი მინდაძის საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართა.

სხდომაზე ბრალდების ნივთიერი და წერილობითი მტკიცებულებები გამოიკვლიეს. პროცესზე ასევე გაირკვა, რომ გიორგი მინდაძე პროკურატურისთვის ჩვენების მიცემას არ აპირებს.

სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტს, 21 წლის გიორგი მინდაძეს, ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. პროკურატურის მტკიცებით, 29 ნოემბერს საპროტესტო აქციაზე გიორგი მინდაძემ პოლიციელს პიროტექნიკა ესროლა, რის შედეგადაც სამართალდამცველმა ფეხი დაიზიანა. პოლიციელი, რომელზე თავდასხმასაც გიორგი მინდაძეს ედავებიან, სასამართლოზე ჯერ არ გამოკითხულა.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში გიორგი მინდაძეს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

16 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციებისას დაკავებული ექიმის, გიორგი ახობაძის, პროცესი იყო ჩანიშნული, თუმცა სხდომა 9 მაისისთვის გადაიდო.

შეგახსენებთ, რომ 7 დეკემბერს გიორგი ახობაძე საპროტესტო აქციიდან სახლში მიმავალი დააკავეს. პროკურატურა მას სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს. თავად ახობაძე ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ ნარკოტიკი ჩაუდეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend