თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე, ტაქსის მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი ღირსეულ სამუშაო პირობებს ითხოვენ და ამბობენ, რომ მერიამ საქართველოში არსებულ ტაქსის კომპანიებს რეგულაციები უნდა დაუწესოს.
მძღოლების განცხადებით, ტაქსის გამოძახებისას ტარიფები საკმაოდ დაბალია, კომპანიები კი დიდ პროცენტს იღებენ.
„24 საათიდან 14 საათი ადამიანი საჭესთან რომ ზის და დღის ბოლოს არაფერი რჩება მანქანის ცვეთის გარდა, მოხალისედ მუშაობის სურვილი არავის გვაქვს“, -ამბობს ტაქსის მძღოლი ბედუნი ნიკოლეიშვილი.
აქციის მონაწილეები ასევე ითხოვენ, რომ რეგულაციები დაუწესდეთ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც ტაქსის კომპანიებში მძღოლებად მუშაობენ.
საპროტესტო აქცია ტაქსის მძღოლებმა გუშინაც, 14 აპრილს, გამართეს. მათ ტაქსის აპლიკაციები რამდენიმე საათით გათიშეს. მძღოლები ამბობენ, რომ პროტესტს იქამდე გააგრძელებენ, სანამ მათი მოთხოვნები არ შესრულდება.