„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ მმართველი პარტიის მიერ 2025 წლის 27 მარტს პარლამენტში რეგისტრირებულ პარტიების აკრძალვის კანონპროექტს კრიტიკულად აფასებს და მას არაკონსტიტუციურს უწოდებს.
უფლებადაცვითი ორგანიზაციის განცხადებით, ბუნდოვანია, ზუსტად რომელი ოპოზიციური პარტიები არიან ამ აკრძალვის „სამიზნე“. „სოციალური სამართლიანობის ცენტრში” განმარტავენ, რომ ახალი ნორმატიული სქემა ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას.
ორგანიზაციის კრიტიკულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში პარტიების როლისა და მნიშვნელობის შესახებ თავად კონსტიტუციური დანაწესის გათვალისწინებით მიღებული გადაწყვეტილება დასაბუთებისა და მტკიცებულებების განსაკუთრებით მაღალი სტანდარტით უნდა გამოირჩეოდეს. SJC-ის თანახმად, კანონპროექტით პარტიის გაუქმება ორ კვირაში ხდება შესაძლებელი, რაც უფლებადამცველთა შეფასებით, არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციას, არამედ ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასაც ეწინააღმდეგება.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრის” დასკვნით, პარტიის აკრძალვას საფუძვლად უდევს არა კონსტიტუციის მიერ ჩამოთვლილი კონკრეტული მიზეზები, არამედ ამგვარი საფუძვლით უკვე აკრძალულ პარტიასთან მსგავსება.
უფლებადამცველთა შეფასებით, ცვლილება ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკასაც, რომელიც პარტიის აკრძალვას მხოლოდ უკიდურეს გარემოებებში უშვებს, დემოკრატიული წესრიგისადმი აშკარა საფრთხის თავიდან ასაცილებლად.