კატეგორიები

„ქართულმა ოცნებამ” ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება შეცვალა

„ქართულმა ოცნებამ” ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება შეცვალა

„ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირების ერთ-ერთი მთავარი პუნქტი, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და მასთან ერთად საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე, ფაქტობრივად, ყველა პარტიის აკრძალვასთან დაკავშირებით, გადავადდება და ახლა არ შესრულდება.

მმართველი პარტიის საპარლამენტო უმრავლესობის 14 აპრილის სხდომიდან გაირკვა, რომ „ქართული ოცნება“ დროებითი საგამოძიებო კომისიისთვის საქმიანობის ვადის გახანგრძლივების გამო პროცედურულად ვეღარ ასწრებს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ოპოზიციური პარტიების გაუქმებას. შესაბამისად, ამ პარტიებს არჩევნებში მონაწილეობა ისევ შეეძლებათ. თუმცა, ამბობენ რომ წლის ბოლომდე, ახალი არჩევნების შემდეგ წინა არჩევნების დაპირებას შეასრულებენ.

„დარჩება მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება. გუშინ, ჩემი განცხადების მერე იმედი გაუჩნდათ ვიღაც-ვიღაცებს, მაგრამ ვადის გადაწევამ, რაც კომისიამ აბსოლუტურად საფუძვლიანად მოითხოვა, გამოიწვია, მაქსიმუმ, 2-3 თვით გადადება. ეს არის ყველაზე მაქსიმუმი ვადა პროცესების გადაწევის. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვიმეორებ, ზედმეტი იმედის მოსაშორებლად ვიღაც-ვიღაცებისთვის, ჩვენს მხარეზე რაც არის დამოკიდებული, ოქტომბრის თვემდე, სექტემბერში უკვე ყველა პროცესი იქნება დასრულებული საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანის ჩათვლით „ნაცების“ პარტიების აკრძალვის შესახებ“, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ ეს პარტია იდეაა და მას „ქართული ოცნება“ ვერ გააქრობს. სხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერები მიიჩნევენ, რომ მმართველი პარტია პოლიტიკურ სპექტაკლებს მთავარი საკითხებიდან საზოგადოების ყურადღების გადასატანად დგამს. ნაწილი კი მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური რეიტინგი „ნაციონალური მოძრაობის“ საპირწონედ დგას და თუ ეს პარტია აღარ იარსებებს, „ქართული ოცნების“ რეიტინგიც შემცირდება.

„„ქართული ოცნება“ ვერ სულდგმულობს „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე. სწორედ „ნაციონალური მოძრაობა“ არის ერთადერთი ფაქტორი, რის გამოც მათი მხარდამჭერების დიდი ნაწილი აძლევთ ხმას არჩევნებზე. ეს მათ ძალიან კარგად იციან. მათ სჭირდებათ „ნაციონალური მოძრაობის“ არსებობა ძალაუფლების შენარჩუნებისთვის. ამ რეალობას ახალი პოლიტიკური ძალთა გადანაწილება შეცვლის“, – აცხადებს „საქართველოსთვის“ წევრი გიორგი შარაშიძე.

გაცხადებულად, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ახლა პოლიტიკურ ველზე, მხოლოდ „ქართული ოცნება“ ემზადება. ოპოზიციური პარტიები, რომლებიც გასულ არჩევნებში მონაწილეობდნენ, ჯერ ღიად არ უთქვამთ, ჩაერთვებიან თუ არა საარჩევნო პროცესში.

ავტორი: ალეკო გვეტაძე

Related news
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს სიონის საკათედრო ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის
სხვა ამბები