მთავარისაქართველოპოლიტიკური პარტიების აკრძალვის ინიციატივას „ქართულმა ოცნებამ“ პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი

პოლიტიკური პარტიების აკრძალვის ინიციატივას „ქართულმა ოცნებამ“ პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი

პოლიტიკური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებულ ინიციატივას „ქართულმა ოცნებამ“ პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონსა და „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს 83 მომხრე ჰყავდა, მოწინააღმდეგე კი არცერთი.

ფრაქცია „ქართული ოცნების” მიერ წარდგენილი პროექტის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს შეეძლება, აკრძალოს პარტია, რომლის გაცხადებული მიზანი, საქმიანობის არსი, მათ შორის პერსონალური შემადგენლობა სასამართლოს მიერ უკვე აკრძალული პარტიის გაცხადებულ მიზანს, საქმიანობის არსსა და პერსონალურ შემადგენლობას იმეორებს.

პირველი მოსმენით მიღებული პროექტის გათვალისწინებით, პარტიის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებულ სარჩელზე გადაწყვეტილების გამოტანის ვადა სარჩელის შეტანიდან 9 თვეს არ უნდა აღემატებოდეს, ხოლო საარჩევნო პერიოდში – 14 დღეს.

მოქმედი კანონმდებლობით, პარტიის აკრძალვა მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით შეიძლება. „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონის გათვალისწინებით, საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია აკრძალოს პარტია, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს, ქმნის ან შექმნილი აქვს შეიარაღებული ფორმირება.

ასევე პარტიის საქმიანობა შეიძლება რეორგანიზაციის ან თვითლიკვიდაციის საფუძველზე შეწყდეს. პარტიის აკრძალვის ან თვითლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება კი სახელმწიფო ხაზინას გადაეცემა.

14 აპრილს გამართული უმრავლესობის სხდომის შემდეგ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ პარტია მათ მიერ „აგენტურად“ გამოცხადებულ ოპოზიციურ პარტიებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე აღარ აკრძალავდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend