„ქართული ოცნების“ ინიციატივით შექმნილი დროებითი საპარლამენტო-საგამოძიებო კომისიის მუშაობა გრძელდება.
კომისიამ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, „ოჯახის მიერ სახელმწიფო ქონებების შესაძლო მიტაცება-მითვისების“ საქმეზე 15 აპრილის სხდომაზე პარტია „ქართული დასის“ დამფუძნებელს, ჯონდი ბაღათურიას, მოუსმინა.
ვიდრე კითხვა-პასუხის ფორმატზე გადავიდოდა, ჯონდი ბაღათურიამ თეა წულუკიანს კომისიის შექმნისთვის მადლობა გადაუხადა და წინა ხელისუფლების დროინდელ კორუფციულ სქემებზე ისაუბრა. ჯონდი ბაღათურიას მტკიცებით, ყოფილ სახელისუფლებო პარტიას ძალაუფლება მიტაცებული ჰქონდა, რაც, როგორც ის ამბობს, გამოძიებას საჭიროებს.
„გავიხსენებდი იმ დროს, როცა არაერთი ადამიანი ქუჩაში იდგა და იქიდან აპროტესტებდა იმ რეჟიმს და ცდილობდა მის დანგრევას. ამ ე.წ. „ქუჩის ოპოზიციას“, როგორც მაშინ დაგვარქვეს, 2010 წლის მაისიდან მეც შევუერთდი. თქვენ მაშინ, არაერთი წლის განმავლობაში ბრძანდებოდით პარლამენტში და იქიდან ცდილობდით რეალური ოპოზიციის ღირსეული როლის შესრულებას. ჩვენ გვახსოვს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კადრი – ანგარიშის წარსადგენად პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მობრძანებული მიხეილ სააკაშვილი დარბაზიდან გაიქცა, როდესაც თქვენ მას დაუსვით რეალური კითხვები მისი ოჯახის კორუფციულ ფაქტებთან დაკავშირებით“, – თქვა „ქართული ოცნების“ ინიციატივით შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა.
„მასალებში ჩანს ხელისუფლების ყველა შტოს ხრწნის უკანასკნელი სტადია. ჩანს სისტემური დანაშაული, როდესაც ჩართულია ყველა და ყველაფერი, რაც კი სახელმწიფოსთანაა გაიგივებული, ანუ დანაშაულებრივი სისტემა, რომელიც შექმნა პრეზიდენტმა თავის გუნდთან ერთად. მასში ჩართული იყო სასამართლო სისტემა, შს სამინისტრო, საჯარო რეესტრიც კი ჩართულია კორუფციის გადაფარვაში“, – განაცხადა „ქართული დასის“ დამფუძნებელმა ჯონდი ბაღათურიამ.
„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდის შემსწავლელი კომისია „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წლის თებერვალში შექმნა. მიმდინარე წლის 27 მარტიდან კი მისი უფლებამოსილების ვადები გააფართოვა და ახლა პარტია 2012 წლის შემდგომ ოპოზიციაში მყოფი პოლიტიკური გაერთიანებებისა თუ პოლიტიკოსების საქმიანობებსაც შეისწავლის.