საგარეო საქმეთა საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი აცხადებს, რომ ევრობლოკს არ სურს, ევროკავშირის რომელიმე წევრმა ან კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანამ 9 მაისს მოსკოვში დაგეგმილ ღონისძიებებში მიიღოს მონაწილეობა. ამის შესახებ მან ლუქსემბურგში საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ბლოკის უმაღლესი წარმომადგენლის თანახმად, იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთი ევროპაში სრულმასშტაბიან ომს აწარმოებს, მოსკოვში დაგეგმილ აღლუმსა თუ საზეიმო ღონისძიებებში ნებისმიერი სახის მონაწილეობას ევროკავშირის მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.
„წევრმა სახელმწიფოებმა განიხილეს ეს საკითხი და მკაფიოდ განაცხადეს, რომ მოსკოვში 9 მაისის აღლუმსა თუ საზეიმო ღონისძიებებში ნებისმიერი სახით მონაწილეობა მსუბუქად არ იქნება აღქმული, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი ევროპაში სრულმასშტაბიან ომს აწარმოებს. ჩვენ ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ არ გვსურს, რომელიმე კანდიდატმა ქვეყანამ მონაწილეობა მიიღოს 9 მაისს მოსკოვში დაგეგმილ ღონისძიებებში. ეს ძალიან მკაფიო გზავნილი იყო”, – განაცხადა კაია კალასმა.
ამასთან, ჟურნალისტის შეკითხვაზე, გეგმავს თუ არა 9 მაისს კიევში ვიზიტს, კაია კალასმა განაცხადა, რომ იგი ევრობლოკის წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებს, რაც შეიძლება ხშირად ეწვიონ უკრაინას.
„რაც შეეხება კიევში ვიზიტს, რა თქმა უნდა, მე მოვუწოდე როგორც წევრ სახელმწიფოებს, ასევე ბლოკის ინსტიტუტების წარმომადგენლებს, რაც შეიძლება ხშირად ეწვიონ უკრაინას. ამით გვსურს, ვაჩვენოთ სოლიდარობა, რომ მათ გვერდით ვართ. ასე რომ, ჩვენ ყოველთვის ვეძებთ უკრაინაში ვიზიტის შესაძლებლობებს“, – განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა.