მთავარიევროპასერბეთისერბეთში როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის მხარდამჭერი აქციები გაიმართა

სერბეთში როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის მხარდამჭერი აქციები გაიმართა

სერბეთში მიმდინარე მოვლენების გამო პოლიტიკური ვითარება დაიძაბა.  ბოლო თვეების განმავლობაში ანტიკორუფციულმა სტუდენტურმა მოძრაობამ ქვეყნის პრეზიდენტის, ალექსანდარ ვუჩიჩის, მმართველობა შეარყია.

პარალელურად,  12 აპრილს ბელგრადში ხელისუფლების ორგანიზებით გაიმართა მასშტაბური მიტინგი, რომელსაც პრეზიდენტის მხარდამჭერები ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან შეუერთდნენ.

პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩის განცხადებით, ყველამ უნდა სცეს პატივი კონსტიტუციასა და კანონს.  მისი მტკიცებით, აქციები უცხო ქვეყნებიდან იმართება.

„შეტევა სერბეთზე არ დაწყებულა ქვეყნის შიგნით — ის მოდის უცხოეთიდან, მათ არ სურთ ძლიერი, დამოუკიდებელი და სუვერენული სერბეთი“, – განუცხადა  ალექსანდარ ვუჩიჩმა მხარდამჭერებს.

მიუხედავად ხელისუფლების მიერ დაგეგმილი  მიტინგისა, ქვეყანაში გრძელდება სტუდენტების ხელმძღვანელობით დაწყებული ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები. სტუდენტები სამართლიანობის აღდგენასა და ნოემბრის ტრაგედიის გამო მთავრობის წარმომადგენელთა პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას მოითხოვენ. მათი აზრით, ტრაგედიის მიზეზი  სისტემური კორუფციაა.

ნოვიპაზარში, სადაც უმეტესად მუსლიმანები ცხოვრობენ, სტუდენტებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია გამართეს.

პოლიციამ მალევე ჩაატარა ოპერაცია, რათა გზა გაეთავისუფლებინა ავტობუსებისთვის, რომლებიც ბელგრადში ვუჩიჩის მხარდასაჭერად მიდიოდნენ.

ასევე, ნოვისადში მოიხსნა სატრანსპორტო ბლოკადა. პროტესტის მონაწილეების თქმით, საჯარო ტრანსპორტი მხოლოდ ხელისუფლების მიერ დაგეგმილი მიტინგის მონაწილეთა გადასაყვანად გამოიყენებოდა, მაშინ, როცა ანტისამთავრობო აქციებისას მოძრაობა შეჩერებული იყო.

სერბეთის ავტორიტარული ხელისუფლება აძლიერებს ზეწოლას სტუდენტებზე, აქტივისტებსა და მედიაზე. პოლიცია მათ კითხავს და სამართლებრივი დევნის მუქარით ცდილობს უნივერსიტეტების გაფიცვების შეჩერებას.

სერბეთი დღეს ორ ერთმანეთის საპირისპირო მოძრაობას შორისაა — ერთი მხარე ცდილობს არსებული ძალაუფლების დაცვას,  მეორე კი ითხოვს ცვლილებებს, სამართლიანობასა და გამჭვირვალე მმართველობას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend