„„ქართული ოცნება“ „აგენტურად“ გამოცხადებულ ოპოზიციურ პარტიებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე აღარ აკრძალავს” – ამის შესახებ დღეს, 14 აპრილს, პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
უმრავლესობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების მიზეზად მან დაასახელა „ქართული ოცნების“ ინიციატივით შექმნილი დროებითი საპარლამენტო-საგამოძიებო კომისიისთვის შესასწავლი საქმეების ოდენობა და აღნიშნა, რომ ამისთვის შესაძლოა დრო არ ეყოთ.
„ნაციონალური მოძრაობის“ არაკონსტიტუციურად გამოცხადებას მმართველი ძალა 2024 წელსაც საპარლამენტო არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში აპირებდა.
„როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობის პერიოდში გამოიკვეთა უამრავი ისეთი არგუმენტი, რომელთა მიხედვითაც, საქართველოს პარლამენტმა უკვე მიიღო გადაწყვეტილება, რომ კომისიის მანდატი გაფართოებულიყო და დღეის მდგომარეობით ის მოიცავს არა მხოლოდ 2003-2012 წლების, არამედ მთლიან პერიოდს, დღევანდელ დღემდე. შესაბამისად, შესასწავლი ობიექტებისა და საკითხების ნუსხაც გაცილებით ვრცელია, ასევე კომისიის სახელზე ყოველდღიურად შემოდის საქართველოს პარლამენტში ასობით განცხადება, რომლებშიც მოთხრობილია „ნაცმოძრაობისა” და მისი სატელიტი პარტიების წარმომადგენლების მიერ ჩადენილი შემზარავი ისტორიები. დამეთანხმებით, ყველა მათგანის საგამოძიებო კომისიაზე გამოტანა და დეტალურად შესწავლა პრაქტიკულად შეუძლებელია, თუმცა, კომისია ცდილობს, მაქსიმალურ დატვირთვით იმუშაოს და მოასწროს, რაც შეიძლება მეტი.
მოგეხსენებათ, რომ კომისიის მუშაობის მხოლოდ სამთვიანი ვადის გამოყენების შემთხვევაში შესაძლებელი იყო თვითმმართველობის არჩევნებამდე ყველა პროცედურის შესაბამისი წესის დაცვით მოსწრება, თუმცა თუ ჩვენ ვადას ერთი თვით გავახანგრძლივებთ, უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ აღნიშნული პროცესის ამ ვადაში დასრულება ფიზიკურად შეუძლებელია, შესაბამისად, მივიღებთ ობიექტურ რეალობას, როდესაც კოლექტიურ ნაცმოძრაობას კიდევ ერთხელ ექნება არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის განმარტებით, არავის მისცემენ იმის თქმის შესაძლებლობას, რომ მმართველმა პარტიამ „კოლექტიური ნაცმოძრაობის აკრძალვა თვითმმართველობის არჩევნებამდე იჩქარა“.
„მზად ვართ, რომ მიმდინარე წლის თვითმმართველობის არჩევნებზე აგენტურულ პარტიებს ჯერ ხალხმა გასცეს საკადრისი პასუხი და სახელოვნად გავიმარჯვოთ“, – თქვა მამუკა მდინარაძემ.
მმართველი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა დასძინა, რომ 4 ოქტომბერს დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ მომზადდება საკონსტიტუციო სარჩელი, „რომელიც, თავის მხრივ, საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან ობიექტურად უნდა გახდეს კოლექტიური ნაცმოძრაობის აკრძალვის საფუძველი წელსვე“.
„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი კომისია „ქართული ოცნების“ ინიციატივით შეიქმნა. მისი პირველი სხდომა 2025 წლის 5 თებერვალს გაიმართა. 27 მარტს „ქართულმა ოცნებამ“ გააფართოვა კომისიის მანდატი და ის არა მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“, არამედ 2012 წლიდან ოპოზიციაში მყოფი სხვა პარტიებისა თუ პოლიტიკოსების საქმიანობასაც შეისწავლის.