ბათუმის საქალაქო სასამართლოში ავტორიტეტიანი გამოცემების დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის, საქმეზე მორიგი სხდომა გაიმართა. სასამართლომ ბრალდების მხარის კიდევ ორ მოწმეს მოუსმინა. წინასწარი ცნობით, ამავე პროცესზე უნდა გამოეკითხათ, ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძეც, თუმცა დღეს პოლიციის მაღალჩინოსნის გამოკითხვა არ შედგა.
სხდომა გამომძიებელ მიხეილ დარჩიას მოსმენით დაიწყო. იგი მხარეთა შეკითხვებს დაახლოებით სამი საათის განმავლობაში პასუხობდა. დღევანდელ პროცესზე მან გაიმეორა ბრალდების ვერსია იმის თაობაზე, რომ მზია ამაღლობელი 11 იანვარს „პოლიციელზე თავდასხმას“ წინასწარ გეგმავდა და ამას სხვებთან ათანხმებდა.
სხდომაზე მიხეილ დარჩიას პროკურორმა ჟურნალისტის მხრიდან ე.წ. „თავდასხმის“ შემდეგ ირაკლი დგებუაძის განცდების შესახებაც ჰკითხა. როგორც გამომძიებელმა თქვა, ბათუმის პოლიციის უფროსისგან პირადად მოისმინა, რომ მას ლოყა ნამდვილად გაუწითლდა და ეტკინა.
სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა პოლიციელი არჩილ ანთაძეც, რომელმაც სხვა მოწმე პოლიციელების მსგავსად თქვა, რომ პირადად დაინახა, როგორ გაუწითლდა ირაკლი დგებუაძეს ლოყა მზია ამაღლობელის მიერ მისთვის სილის გაწვნის შემდეგ.
საპასუხოდ დაცვის მხარემ სასამართლოს წარუდგინა ვიდეომტკიცებულება, რომელშიც ადვოკატების შეფასებით, ცხადად ჩანს, რომ არჩილ ანთაძე მზია ამაღლობელის მიერ ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნისა და ჟურნალისტის დაკავების ეპიზოდებში სხვა დემონსტრანტებს ელაპარაკება.
მზია ამაღლობელის ადვოკატები სასამართლო პროცესებზე გამოკითხულ პოლიციელებს ტყუილში ადანაშაულებენ და მიიჩნევენ, რომ ისინი მიზანმიმართულად აძლევენ ცრუ ჩვენებებს.
პროკურორი კი ამბობს, რომ ბრალდების მხარის მიერ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები უტყუარია და მოწმეთა ჩვენებები ერთმანეთსა და საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან სრულ თანხვედრაშია.
მოსამართლე ნინო სახელაშვილმა, რომელმაც ჟურნალისტს 14 იანვარს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, შემდეგი სხდომა 28 აპრილს ჩანიშნა. ჟურნალისტს, რომელიც 11-12 იანვარს ორჯერ, ჯერ ადმინისტრაციული, შემდეგ კი, სისხლის სამართლის წესით დააკავეს, გამოძიება „პოლიციელზე თავდასხმას“ ედავება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 4-7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.