საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგი გამართა. მან ქვეყნის ევროინტეგრაციასა და სხვა საკითხებზე ისაუბრა.
სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ პრემიერი ირაკლი კობახიძე ცდილობს, ხალხი დაარწმუნოს, თითქოს მმართველი გუნდი ევროპული გზისთვის ემზადება, თუმცა მისივე შეფასებით, ეს სიმართლეს არ შეესაბამება.
„პრემიერი ცდილობს, ტყუილებით დააჯეროს ყოველ შემთხვევაში ის ნაწილი, რომელიც მეტ-ნაკლებად „ქართულ ოცნებას“ ემხრობა, რომ თვითონაც ამზადებენ ამ ევროპულ გზას. ყველა განცხადება, რაც ჩვენი ევროპელი პარტნიორებისგან არის ამ დღეებში ან წინა პერიოდში, ყველა მხოლოდ ერთ რამეს გვიჩვენებს, რომ საქართველოს ევროპული გზა დამოკიდებულია „ქართული ოცნების” ქმედებებზე, რომელსაც ბერკეტები აქვს – დემოკრატიულ გზას უნდა დაუბრუნდეს, რეპრესიები გააჩეროს, პატიმრები გამოუშვას, არჩევნები დანიშნოს. ეს არის ერთადერთი გზა იმისთვის, რომ საქართველოს გზა ევროპისკენ არ შეჩერდეს დიდი ხნით”, – განაცხადა საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა.
სალომე ზურაბიშვილმა ჩეხეთში ვიზიტზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ჩეხეთში დიდი მხარდაჭერა გამოხატეს და „ფეხზე წამოდგომით მიაგეს პატივი 9 აპრილის დროს დაღუპულთა ხსოვნას“.
„მათ არ ეშლებათ, ვინ იყო „როდიონოვი“, რას წარმოადგენდა. ძალიან კარგად იციან იმ ადამიანების ფასი, რომლებიც თავისუფლებასა და დემოკრატიას რუსული, სასტიკი ჯარების წინააღმდეგ იცავდნენ. ის, რომ ჩვენთან ეს ვიღაცას ეშლება, ენა უბრუნდება და შეუძლია, შეადაროს ჩვენს დღევანდელ ახალგაზრდებს როდიონოვი და ის ჯარისკაცები, რომლებიც ხოცავდნენ ახალგაზრდებს, დარწმუნებული ვარ, ეს ჩემთვის და საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილისთვის წარმოუდგენელია“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა