თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ 2004 წელს პოლიციელის მიერ ნასროლი ტყვიით მოკლული ბუტა რობაქიძის მამას მოუსმინა. სოსო რობაქიძემ დეტალურად გაიხსენა მისი შვილის საქმე და აღნიშნა, რომ მსჯავრდადებულებს შესაბამისი სასჯელი არ მოუხდიათ.
სოსო რობაქიძემ „ქართული ოცნებაც“ გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ 2012 წლის შემდეგ ხელისუფლებას შეეძლო სრულფასოვნად გამოეძიებინა ბუტა რობაქიძის საქმე და დამნაშავე პირები შესაბამისად დაესაჯა.
„ეს საქმე 2012 წელს თავიდან უნდა გამოძიებულიყო. როდესაც ვსაუბრობთ გარემოებების გაყალბებაზე, მე მაქვს ყველა ფაქტი, რომლებიც ამას ადასტურებს და ამიტომ იყო თავიდან გამოძიება საჭირო. ტელეფონში მაქვს მასალა, როგორ ესვრის ის პოლიციელი ჩემს შვილს. ასევე მაქვს საქართველოში ჩატარებული გაყალბებული ექსპერტიზაც, რომლის სიყალბეც ამერიკულმა ექსპერტიზამ დაადასტურა. მკვლელი პოლიციელი ბაშალეიშვილი 15 წლით უნდა წასულიყო ციხეში. ის, რომ ბაშალეიშვილმა არა 15 წელი, არამედ სამი წელი გაატარა ციხეში, არ არის სამართლიანი”, – განაცხადა სოსო რობაქიძემ.
დროებითმა საგამოძიებო კომისიამ 11 აპრილის სხდომაზე ასევე მოუსმინა ევგენი აფრასიძის ქვრივსა და შვილებს 2004 წელს სვანეთში ჩატარებული სპეცოპერაციის საქმეზე. დაზარალებულებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს ის ამბები, რომლებიც მათ ოჯახს გადახდა თავს და წინა ხელისუფლების დროს მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებები.
„ევგენი [აფრასიძე] ხელებაწეული დაჭრეს, იღლიაში იყო დაჭრილი. შეიყვანეს მერე გოჩამ და ომეხიმ, თავისმა შვილებმა. შემდეგ შემოვარდნენ, ორივე დაიჭირეს, ომეხი შებორკეს, ისე გამოიყვანეს, გოჩა გამოიყვანეს და გზაში დააგდეს, დასერეს.
გოჩას ტყვია არ მოხვედრია, დანით დასერეს და მკვდარი ეგონათ უკვე, გადაფარებული ჰქონდა ზემოდან. ომეხი, ხელ-ფეხ შებორკილი, გაათრიეს პირდაპირ ტალახში და იქ დახვრიტეს, ისე დახვრიტეს, რომ ნატყვიარით საერთოდ გადაჭრილი იყო შუაზე.
ბეჭედს რომ ვერ აძრობდნენ ცხედარს, თითი წააჭრეს და ყელსაბამს რომ ვერ ხსნიდნენ, მკერდზე ფეხი დაადეს, ისე ამოგლიჯეს. ამას ყველაფერს უყურებდნენ ბავშვები“, – განაცხადა დოდო აფრასიძემ კომისიის სხდომაზე.
„ქართული ოცნების“ ინიციატივით შექმნილმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ ფუნქციონირება 2025 წლის თებერვალში დაიწყო. მმართველი პარტიის განმარტებით, მათი მიზანია, გამოიძიონ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების ქმედებები. კომისიამ რამდენიმე გახმაურებულ საქმესთან ერთად 2008 წლის აგვისტოს ომის საქმის განხილვაც დაიწყო.