უკვე რამდენიმე თვეა, საქართველოში დემონსტრაციები გრძელდება. უწყვეტი პროტესტის მონაწილეებს მიაჩნიათ, რომ ქვეყანა ევროკავშირის ნაცვლად, რუსეთს უახლოვდება. საქართველოს მთავრობა კი აცხადებს, რომ ევროპული გზა საქართველოს ისტორიული და სტრატეგიული არჩევანია.
ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი ევრონიუსთან საუბრისას ამბობს, რომ საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ისმის შეფასებები, რომლებიც ხშირად რეალობისგან ძალიან შორსაა. საგარეო უწყების ხელმძღვანელის მტკიცებით, ეს ყველაფერი უკავშირდება არჩევნების შედეგებს, რომლის აღიარებაზეც ქვეყანაში პოლიტიკური ჯგუფი უარს ამბობს.
„ძალიან ხშირად ვხედავთ, რომ ქვეყანაში არსებული ზოგი ძალა ევროინტეგრაციის თემას დესტაბილიზაციისთვის იყენებს. ეს ძალები ქვეყნის გარედან ფინანსდებიან და მათ დესტაბილიზაციისთვის ხშირად იყენებენ. ეს არ უნდა დავმალოთ “, – ამბობს მაკა ბოჭორიშვილი.
საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, საქართველო მზადაა ევროკავშირს შეუერთდეს და რომ ევროკავშირი რეგიონში საიმედო პარტნიორად რჩება, თუმცა უკმაყოფილებას გამოთქვამს ევროკავშირის მიდგომებთან დაკავშირებით, საქართველოსთან მიმართებით.
„ევროკავშირი აცხადებს, რომ მათ სურთ გაფართოება და სურთ, რომ საქართველო ევროკავშირის ნაწილი გახდეს. ეს ერთგვარად საკამათო განცხადებაა: ერთის მხრივ, არ ველაპარაკებით მათ, ვინც საქართველოს მოსახლეობის დიდმა უმრავლესობამ აირჩია და ამავდროულად გვინდა, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს.
ის, რაც ჩვენ გვსურს ვნახოთ, ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობაა. და როდესაც დემოკრატიაზე ვსაუბრობთ, უპირველესად, ქართველი ხალხის დემოკრატიული არჩევანი უნდა გვახსოვდეს. ისინი არჩევნებზე მიდიან, გარკვეულ პოლიტიკურ პარტიას ხმას აძლევენ და ამ პარტიას აქვს ვალდებულება, მართოს ქვეყანა და მის მომავალთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები მიიღოს. ასეთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული 2022 წელს. განაცხადი ევროკავშირში გაწევრებაზე სწორედ ქართველი ამომრჩევლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ემყარებოდა“, – უთხრა ევრონიუსს საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მაკა ბოჭორიშვილი ამბობს, რომ არსებული ვითარებიდან გამოსავალი ორივე მხარის მიერ [საქართველო და ევროკავშირი] ასოცირების შეთანხმების შესრულებაა. მინისტს მიაჩნნია, რომ საქართველო საქართველო ასოცირების შეთანხმების ერთგულია.