საქართველოს პრემიერ-მინისტრი ანტალიის დიპლომატიურ ფორუმზე იმყოფება – ირაკლი კობახიძემ სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ ქვეყნის მთავარი პრიორიტეტი ევროკავშირის წევრობაა.
პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს სვლა უფრო აქტიურად მას შემდეგ დაიწყება, რაც უკრაინაში მშვიდობა დაბრუნდება.
„ძალიან მკაფიო ხედვა გვაქვს – ჩვენი მთავარი პრიორიტეტია ევროკავშირის წევრი სახელმწიფო გავხდეთ. ამ მიმართულებით, გარკვეული გამოწვევებია, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ მშვიდობის აღდგენით საქართველოს ინტეგრაციის გზა უფრო ინტენსიური გახდება. იმედი გვაქვს და პოზიტიური მოვლენების მოლოდინში ვართ”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ საერთაშორისო ფორუმზე.
ამავე სიტყვით გამოსვლისას, პრემიერ-მინისტრმა რუსეთთან ურთიერთობებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მიუხედავად საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა, რუსეთთან მიმართებაში მმართველ გუნდს სამშვიდობო ხედვა აქვს.
„ჩვენ სამშვიდობო ხედვა გვაქვს რუსეთთან ურთიერთობის მიმართულებით. ჩვენი ტერიტორიის დაახლოებით 20% რუსეთის ფედერაციის მიერ არის ოკუპირებული, ამ პირობებშიც კი, ძალიან მშვიდობიანი და პრაგმატული ხედვა გვაქვს და ამ პოლიტიკას მივუყვებით. რუსეთის ფედერაციასთან დიპლომატიური ურთიერთობები არ გვაქვს, მაგრამ ამავდროულად ინტენსიურ ეკონომიკურ პოლიტიკას ვატარებთ და სავაჭრო პარტნიორობაც გვაქვს“. – განაცხადა ირაკლი კობახიძემ სიტყვით გამოსვლისას.