მთავარისაქართველო„გავიმეორებთ ისტორიულ მარშრუტს“ - სტუდენტები დედაენის დღისადმი მიძღვნილი მარშისთვის ემზადებიან

„გავიმეორებთ ისტორიულ მარშრუტს“ – სტუდენტები დედაენის დღისადმი მიძღვნილი მარშისთვის ემზადებიან

„გამარჯვება ჩვენშია! ძალა სტუდენტებშია!“ – ამ სახელწოდების აქცია-მსვლელობას გამართავენ სტუდენტები 14 აპრილს, დედაენის დღეს.

სახელმწიფო ენის შენარჩუნების თარიღის 47-ე წლისთავთან დაკავშირებით მოქალაქეები 1978 წელს სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების მიერ განვლილ ისტორიულ მარშრუტს გაიმეორებენ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან გაკეთებული განცხადებისას სტუდენტებმა განმარტეს, რომ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ფონზე, როდესაც მათი შეფასებით, რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები განსაკუთრებულადაა გაზრდილი, მნიშვნელოვანია თითოეულმა ახალგაზრდამ გამოწვევებს მეტი აქტივობით უპასუხოს.

მათივე თქმით, ქართული სტუდენტური მოძრაობა 1978 წლის აპრილის მოვლენებისას წარმოიშვა და ეროვნული ინტერესებისთვის ბრძოლა ახალმა თაობამ თითქმის ნახევარი საუკუნის შემდეგ ღირსეულად უნდა განაგრძოს.

„ვიცით, რომ სტუდენტურ მოძრაობებს უკან არასდროს არ დაუხევიათ და ვიცით, რომ ამ პროცესში არა მხოლოდ სტუდენტები, არამედ პროფესორ-მასწავლებლებიც იყვნენ და საზოგადოება, რომელიც ერთმანეთს მხარს უჭერდა. ამ ერთობით ჩვენამდე მოვიდა ქართული ენა, რომელიც გვაერთიანებს.

ზუსტად იმ მარშრუტს გავივლით, რომელიც სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა 1978 წლის 14 აპრილს გაიარეს. ამით კიდევ ერთხელ ჩვენს თანამებრძოლებს გამოვუცხადებთ სოლიდარობას, პოლიტპატიმრებს, რომლებიც მხნედ არიან. გთხოვთ, შემოგვიერთდეთ და ერთად დავიცვათ ჩვენი პოლიტპატიმრები, ერთად დავიცვათ საქართველო და გავერთიანდეთ ჩვენი ქართული და ევროპული მომავლისთვის!“ – განაცხადა სტუდენტმა გვანცა მიკაელა-გვანცელაძემ.

„დღესაც ჩვენი სახელმწიფო დგას ეგზისტენციალური გადაწყვეტის მომენტში, სადაც სტუდენტებმა კვლავ უნდა შევასრულოთ ლოკომოტივის ფუნქცია და გავაგრძელოთ ის გამარჯვების ტრადიცია, რომელიც ჩვენმა წინა თაობებმა გვიანდერძეს. მათ მაშინ, იმ ტოტალიტარულ სახელმწიფოშიც კი, მოახერხეს, დაეცვათ ქართული ენა და ეროვნული ღირსება. 14 აპრილს, 19:00 საათზე სტუდენტები ვერთიანდებით, რათა, პირველ რიგში, მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოვუცხადოთ უკანონოდ დაკავებულებს“, – თქვა ლაზარე ქარჩხაძემ, სტუდენტმა.

„მსოფლიო გამოცდილება გვეუბნება, რომ თუ რომელიმე ქვეყანაში რაიმეს შეცვლა სურთ, ყველაფერი სტუდენტებით იწყება. ასე იყო 1978 წელსაც, როცა საბჭოთა ხელისუფლებას მოუნდა, შეხებოდა ისეთ წმინდა რაღაცას, როგორიცაა სახელმწიფო ენა. ჩვენნაირი პატარა ერებისთვის ეს არის თვითგამორკვევის და უნიკალური კვალის დატოვების გზა. ზუსტად იმავეს ცდილობენ დღესაც – ცდილობენ, წაშალონ ქართული ნიშანი, წაშალონ, რაც უნიკალურს გვხდის. ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ ის პირველი ერთობა და გამარჯვების სიმბოლო, რაც 1978 წელს 14 აპრილის სახით იყო, განმეორდეს და დღევანდელმა სტუდენტებმაც აჩვენონ საკუთარი ძალა, რომ არასდროს დათმობენ ეროვნულ ინტერესებს“, – ამბობს სტუდენტი ამირან ჯიმშერაშვილი.

განცხადების ავტორებმა კიდევ ერთხელ გამოუცხადეს სოლიდარობა პროევროპული საპროტესტო აქციებისას დაკავებულ პირებს და თქვეს, რომ იბრძოლებენ, ვიდრე საბოლოო მიზანს არ მიაღწევენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend