თბილისის საქალაქო სასამართლოში საპროტესტო აქციებისას დაკავებული ნიკა კაციას საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართა.
„რუსეთი ოკუპანტია და რუსულია რეჟიმი, რომელიც მასამართლებს“, – თქვა სხდომათა დარბაზში შემოსვლისას ბრალდებულმა, რომელსაც პროკურატურა ნარკოდანაშაულს ედავება.
დღევანდელ სხდომაზე მოწმე პოლიციელი, პაატა მჭედლიშვილი გამოიკითხეს, რომლის მტკიცებითაც, ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ბრალდებული ნარკოტიკულ საშუალებებს მოიხმარდა და ის ერთი ადგილიდან მეორეზე გადაჰქონდა, სანდო წყაროსგან მიიღო.
ნიკა კაცია 2024 წლის 7 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს.
ნიკა კაცია ბრალს არ აღიარებს, ამბობს, რომ ნარკოტიკი ჩაუდეს და მის დაკავებას საპროტესტო აქციებში მონაწილეობას უკავშირებს.
დანაშაული, რომლის ჩადენასაც პროკურატურა მას ედავება, 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
