მთავარიევროპაგერმანიაგერმანიაში კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებაზე შეთანხმდნენ

გერმანიაში კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებაზე შეთანხმდნენ

გერმანიას ახალი კოალიციური მთავრობა ეყოლება. ამის შესახებ გადაწყვეტილება „ქრისტიან დემოკრატებმა“ და „სოციალ-დემოკრატებმა“ მიიღეს.  კანცლერის პოზიციაზე  ოლაფ შოლცს „ქრისტიან დემოკრატების“ ლიდერი ფრიდრიხ მერცი ჩაანაცვლებს.

ორპარტიულმა ბლოკმა 23 თებერვლის არჩევნებში გაიმარჯვა, თუმცა მთავრობის ჩამოსაყალიბებლად საკმარისი ხმა ვერ დააგროვა. შესაბამისად, კოალიციისთვის მერცმა ოლაფ შოლცის მემარცხენე ცენტრისტულ პარტიას, „სოციალ-დემოკრატებს“, მიმართა. კოალიციური მთავრობის კანცლერობის კანდიდატმა განაცხადა, რომ ახალი მთავრობის პროგრამა გერმანიისთვის ახალი დასაწყისია.

„ჩვენ გვაქვს ძლიერი გეგმა, რომლითაც შეგვიძლია ჩვენი ქვეყანა კვლავ წინ წავწიოთ. კოალიციური შეთანხმება არის ინტენსიური კონსულტაციებისა და მოლაპარაკებების შედეგი. თუმცა, უპირველეს ყოვლისა, ეს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის, ასევე ევროკავშირში ჩვენი პარტნიორებისთვის არის ძალიან ძლიერი და მკაფიო სიგნალი, რომ გერმანიას ისეთი მთავრობა ეყოლება, რომელიც ქმედითუნარიანია“, – განაცხადა ფრიდრიხ მერცმა.

ფრიდრიხ მერცი კოალიციის მოლაპარაკებების დროს ბერლინში, 28 მარტი, 2025 წელი Copyright AP Photo

შეთანხმების მიღწევის შემდეგ სიტყვით გამოსვლისას გერმანიის მომავალმა კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპსაც მიმართა.

„გერმანია დაბრუნდა და თავდაცვის კუთხით ვალდებულებებს შეასრულებს.  გერმანია მზადაა, საკუთარი კონკურენტუნარიანობა გააძლიეროს და ეს მხოლოდ გერმანიას არ ეხება, არამედ ევროკავშირსაც. ევროკავშირში გერმანია კვლავ იქნება ძალიან ძლიერი პარტნიორი და ჩვენ მას  წინ წამოვწევთ“, – განაცხადა ფრიდრიხ მერცმა.

„სოციალ-დემოკრატების” ერთ-ერთმა ლიდერმა ლარს კლინგბაილმა განაცხადა, რომ ახალი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ეკონომიკის გაძლიერება იქნება.

„ეკონომიკა უნდა გაიზარდოს. ჩვენ უზრუნველვყოფთ სამუშაო ადგილების შექმნას, გავაძლიერებთ ჩვენს ქვეყანასა და ინდუსტრიებს. ამ კუთხით ახლო მომავალში უფრო მეტი ინვესტიცია უნდა ჩაიდოს პროგრამაში „დამზადებულია გერმანიაში“. ჩვენ ვხედავთ, თუ რამდენად აუცილებელია, გერმანია იყოს ძლიერი ქვეყანა ეკონომიკურად, სამუშაო ადგილების, ინდუსტრიის კუთხით, რომ საერთაშორისო ბაზარზე გავაგზავნოთ მკაფიო გზავნილი, ყველამ აქ ჩადოს ინვესტიცია”, – განაცხადა ლარს კლინგბაილმა.

კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებისთვის ახლა კოალიციაში შემავალმა პარტიებმა ფორმალურად უნდა დაადასტურონ შეთანხმება. ამის შემდეგ კი, გერმანიაში „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის” ლიდერ ფრიდრიხ მერცს კანცლერად აირჩევენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend