მთავარისაქართველო„დრამატული უკუსვლა საქართველოში” - ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა კრიტიკულ რეზოლუციას აქვეყნებს

„დრამატული უკუსვლა საქართველოში” – ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა კრიტიკულ რეზოლუციას აქვეყნებს

“დრამატული უკუსვლა” და “ტრაგედია” – ასე აფასებს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოში შექმნილ მდგომარეობას. მორიგი კრიტიკული რეზოლუცია 89 ხმით 3-ის წინააღმდეგ მიიღეს.

კენჭისყრისგან თავი მხოლოდ 5-მა დეპუტატმა შეიკავა. 14 პუნქტად გაწერილი დოკუმენტის მთავარი სათქმელი ისაა, რომ საქართველოში ადამიანის უფლებრივმა მდგომარეობამ სერიოზული დაღმასვლა განიცადა.

მიზეზი პარტია “ქართული ოცნება”, მის მიერ ინიცირებული კანონები და არადემოკრატიული ნაბიჯებია.

სტრასბურგში შეკრებილი დეპუტატების აზრით ეს ყველაფერი ევროსაბჭოს მთავარ ღირებულებებს ეწინააღმდეგება.ისმოდა პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების მოწოდებები.

ეს არ არის ის რეზოლუცია,რომელიც საქართველოზე მინდოდა წარმედგინა. ეს არ არის დებატები, რომელსაც მოველოდი ამ საგაზაფხულო სესიაზე. სამწუხაროდ, სიტუაცია იანვრის შემდეგ არ შეცვლილა და ჩვენი ასამბლეის რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით პროგრესზე ანგარიშის წარდგენა შეუძლებელია. პირიქით, დემოკრატიული უკუსვლა გაგრძელდა.

ვითარება ხელშესახებად გაუარესდა პრაქტიკულად ყველა მიმართულებით. არ გადადგმულა არანაირი ნაბიჯი დაუყოვნებლივი და ინკლუზიური პროცესების მისაღწევად,რომელშიც ჩართული იქნება ყველა აქტორი. რათა შექმნილიყო იმგვარი საარჩევნო გარემო, რომელიც საჭიროა დემოკრატიული არჩევნებისთვის.

პირიქით ჩვენს რეზოლუციაში ხაზგასმულია საარჩევნო კანონმდებლობაში შეტანილი არაერთი ცვლილება, რომელიც ამ გარემოს დემოკრატიული არჩევნებისთვის კიდევ უფრო არახელსაყრელს ხდის. დაპატიმრებები და სამართლებრივი პროცესების ბოროტად გამოყენება მომიტინგეების, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო ლიდერების წინააღმდეგ განუწყვეტლივ გრძელდება. გრძელდება წინასწარი პატიმრობის ვადის გაგრძელება შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, დემონსტრანტების წინააღმდეგ პოლიციის სისასტიკის შემთხვევები ჯერ კიდევ გამოუძიებელია, დაუსჯელობა გრძელდება.

ღრმად ვწუხვართ ადამიანის უფლებათა დამცველების ანგარიშებით,რომლის მიხედვითაც დემონსტრაციებთან დაკავშირებით დაკავებული პირების დიდი ნაწილი დაკავებისა და პატიმრობის დროს წამებასა და არასათანადო მოპყრობას დაექვემდებარა. ეს გაუარესება უნდა შეწყდეს, დრამატული დემოკრატიული უკუსვლა უნდა შეიცვალოს“, – აღნიშნა რეზოლუციის ავტორმა, ედიტ ესტრელამ.

„როდესაც წევრ სახელმწიფოს ანალიზს ვუკეთებთ, ვეყრდნობით დემოკრატიის ქვაკუთხედებსა და სტანდარტებს. შეგახსენებთ რომ ესაა სამართლის უზენაესობა, თანასწორი გარემო, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, რაც მთავარია ადამიანის უფლებები. თუ ჩვენ ვითარებას საქართველოში ამ კუთხით შევაფასებთ, სამწუხაროდ უნდა ვთქვათ,რომ ყველა ამ მიმართულებით ვითარება უარესდება. შექმნილ ვითარებაში საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების სივრცე მცირდება. პარლამენტმა არ გაიწვია კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელიც აქ მრავალი განხილვის საგანი იყო და ჩაანაცვლა FARA-ს ქართული ვერსიით. ამასთან, მიმდინარე კვირას ქართულმა ოცნებამ დააინიცირა ახალი კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, ნებისმიერმა უცხოურმა დონორმა,მათ შორის ჩვენი უწყება,  გრანტის გასაცემად ავტორიზაცია საქართველოს მთავრობას უნდა სთხოვოს. ეს განვითარებები რისკს უქმნის არა მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოებას,არამედ დემოკრატიულ სტანდარტს ქვეყანაში.  კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი მედიაა. სამწუხაროდ, საქართველოში მედია გარემო უარესდება. ოპოზიციის აკრძალვას რაც შეეხება, თუ როგორ ვექცევით ოპოზიციას, მედიას და სამოქალაქო საზოგადოებას – ამით ფასდება დემოკრატია და ამ მხრივ არის მძიმე უკუსვლა”, – თქვა სიტყვით გამოსვლისას დოკუმენტის თანაავტორმა, საბინა ჩუდიჩმა.

უმრავლესობით მიღებულ დოკუმენტში გამოთქმულია წუხილი,ასამბლეის წევრობიდან ქართული დელეგაციის “გადადგომის” გამო და ნათქვამია, რომ პარლამენტის საქმიანობაში მონაწილეობა ვალდებულებაა და არა არჩევანი.

ქართული დელეგაციისთვის რწმუნებათა სიგელების რატიფიცირების საკითხი კვლავაც ღია დარჩა, თუმცა იმის ხაზგასმით, რომ დემოკრატიული უკუსვლა რატიფიცირებას ხელს სულაც ვერ შეუწყობს.ბევრი ითქვა ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების დევნის მიუღებლობაზე.

პოლიციის მიერ განხორციელებულ ძალადობაზე და მათ დაუსჯელობაზე. შეკრების თავისუფლების შეზღუდვაზე.ტექსტის სიმძიმის მიუხედავად, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ისმოდა განსხვავებული პოზიციებიც, რომელიც “ქართულ ოცნებასთან” დიალოგის გაგრძელებასა და მათი არგუმენტების მოსმენისკენ იყო მიმართული.

„იანვარში მივიღეთ საქართველოს დელეგაციისთვის ერთგვარი სანქციის დაწესების გადაწყვეტილება, რის შემდეგაც ისინი წავიდნენ. ჩვენმა ჯგუფმა ამის წინააღმდეგ მისცა ხმა. დებატების დროს ჩვენ ვთქვით, რომ ეს საპარლამენტო ასამბლეა აღმოჩნდა ერთგვარ ჩიხურ მდგომარეობაში. ცნობისთვის, ვაკვირდებოდი 26 ოქტომბრის არჩევნებს და მოსამზადებელ პერიოდს. მრავალ არჩევნებზე დაკვირვების შემდეგ, ჩემი შთაბეჭდილებაა, რომ დარღვევების დონე არ განსხვავდებოდა წინა არჩევნებისგან და არ იყო ძლიერ განსხვავებული ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოში ჩატარებული ზოგიერთ არჩევნებისგან. ის, რაც საქართველოში შეიცვალა, არის ქვეყნის გეოპოლიტიკური ორიენტაცია უკრაინაში 2022 წელს რუსეთის ინტერვენციის დაწყების შემდეგ. საქართველოს მთავრობაზე განხორციელდა მნიშვნელოვანი ზეწოლა, რათა ის ჩართულიყო რუსეთთან ამ კონფრონტაციაში. საქართველოს მთავრობამ უარი თქვა ამის გაკეთებაზე არა პრორუსული პოზიციის გამო, არამედ იმიტომ, რომ საქართველოს მთავრობა შიშობდა, რომ მათი ქვეყანა განადგურდებოდა ასეთ ომში.ვფიქრობ, არასწორია, თუ ეს არის ქართული დელეგაციის სანქცირების ან დასჯის მიზეზი. პატივი უნდა ვცეთ გეოპოლიტიკურ მრავალფეროვნებას. თუ საქართველო ამ მიზეზით არ იქნება წარმოდგენილი, ვფიქრობ, ეს არასწორი იქნება“, – აღნიშნავს “გაერთიანებული ევროპელი მემარცხენეების” ჯგუფის წევრი, გერმანელი ანდრეა ჰუნკო.

“მიმდინარე პროცესების მიმართ გულგრილი ვერ დავრჩებით. სწორედ ამ მიზეზით, ვფიქრობ საქართველოსთან ღია დიალოგია საჭიროა. სირთულეების დროს დებატები კიდევ უფრო მნიშვნელოვანია.ასე რომ, რწმუნებათა სიგელების შეჩერების იდეას არ ვემხრობი, ვფიქრობ ეს იქნება სერიოზული შეცდომა,რომელიც შექმნის იზოლაციის რისკს, რაც ჩვენი ასამბლეისა თუ ორგანოების მთავარი პრინციპებისგან კიდევ უფრო მეტ დაშორებას შეუწყობს ხელს.

როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოზე, არ ვსაუბრობთ მხოლოდ საქართველოს მთავრობაზე, ვსაუბრობთ ხალხზე, რომლებიც იმედის თვალით გვიყურებს. სამოქალაქო საზოგადოებაზე, რომელიც აქტიური და გამბედავია. ახალგაზრდებზე, რომლებიც იბრძვის ჩვენი ღირებულებებისთვის. მათ უნდა იგრძნონ ჩვენი მხარდაჭერა. ღია დიალოგის შენარჩუნება  “ქართული ოცნებისთვის” არ ნიშნავს, რომ მათთან სრულ შეთანხმებაზე მივდივართ, პირიქით. მთავრობას უნდა ჰქონდეს გამბედაობა, რომ აღადგინოს რწმენა საკუთარი თავის მიმართ და თუ ეს არ შეუძლია, უნდა ჰქონდეს გამბედაობა მისცეს ხალხს უფლება თქვან სათქმელი ახალ არჩევნებზე. იმედი გვაქვს,რომ ქართული დელეგაცია აქ მალე დაბრუნდება, რადგან დიალოგი დუმილს ყოველთვის ჯობია”, – აღნიშნავს ელისაბეტ გარდინი ”კონსერვატორებიდან”.

ყურადღების მიღმა არ დარჩენილა “ქართული ოცნების” მიერ მიღებული “უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი”, რომელშიც დამატებით შეშფოთებას სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის მუხლი იწვევს.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო 2003-2012 წლებში წინა ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელ კომისიას – ეს პრეცედენტი ასამბლეამ დაგმო.

უფრო მეტად კი “ქართული ოცნების” უცხოელ კოლეგებს“კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის” აკრძალვის გაცხადებული სურვილი აშფოთებთ. დეპუტატების ნაწილი მიიჩნევს,რომ მსგავსი მეთოდებით ქვეყანა რუსული სტილის სახელმწიფოს ემსგავსება, რაც ტრაგიკული იმ ფონზე, რომ საქართველო სულ რაღაც რამდენიმე თვის წინ დემოკრატიული მიღწევების თვალსაზრისით კავკასიის მოწინავე სახელმწიფო იყო.

„სამწუხაროა იმის ხილვა, რომ ამჟამინდელმა მთავრობამ გადაუხვია გზას. არსებობდა გარკვეული იმედი „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებით და როგორც “სოციალისტების, დემოკრატებისა და მწვანეთა ჯგუფის“ ლიდერმა, ვისი წევრიც ისინი იყვნენ,შემიძლია განვაცხადო, რომ ვცდილობდით გვემუშავა ერთად დიალოგის გზით სიტუაციის გასაუმჯობესებლად, მაგრამ ისინი სხვა მიმართულებით წავიდნენ. ეს საგრძნობია. ევროპის საბჭოს წევრობა არის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის ვალდებულება და ეს არ ეხება გეოპოლიტიკას. ზოგიერთმა ქართველმა პოლიტიკოსმა მითხრა : „თქვენ გსურთ გადაწყვიტოთ, რა მიმართულებით უნდა წავიდეთ“. რა თქმა უნდა, არ მომწონს, თუ ომის დამნაშავეების მეგობრები ხართ, მაგრამ თუ გსურთ, პუტინის რუსეთის მეგობრები იყოთ, შეგიძლიათ იყოთ, მაგრამ ის, რისი გაკეთებაც არ შეგიძლიათ, არის ამ ორგანიზაციის ფასეულობების და წესების ძირის გამოთხრა, თქვენ უნდა მიჰყვეთ მათ. თუ თქვენ შეცვლით თქვენს ქვეყანას პუტინის რუსეთის მსგავსი მოდელის მიხედვით, მაშინ ჩვენ პრობლემა გვაქვს“, – ამბობს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი,ფრანკ შვაბე.

„იანვარში ამ ასამბლეამ საქართველოს შესახებ ძალიან ძლიერი რეზოლუცია მიიღო. ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ საქართველოს სჭირდება ახალი სამართლიანი არჩევნები, პოლიტპატიმრების გათავისუფლება, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, თავისუფალი მედია და იმ კანონების გაუქმება, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას ხელს უშლის. ჩვენ გავაგზავნეთ ძლიერი სიგნალები, როგორც პარტნიორებმა, როგორც ქართველი ხალხის მეგობრებმა, როგორც ერთი ევროპული ოჯახის წევრებმა და რამდენიმე თვის შემდეგ, დიალოგის ნაცვლად, ახალ რეპრესიულ კანონებს ვხედავთ. პარლამენტი იღებს კანონებს, რომლებიც ზღუდავს მშვიდობიან შეკრებას, კრძალავს განსხვავებულ აზრს, პოლიტპატიმრების გათავისუფლების ნაცვლად უფრო მეტ ადამიანს აკავებს. სიტყვის გამოხატვის უფლების მხრივ მდგომარეობა უარესდება. მედიის შესახებ ახალი კანონმდებლობა ფაქტობრივად უკრძალავს დამოუკიდებელ მედიას უცხოური დაფინანსების მიღებას და სახელმწიფო მარეგულირებლის უფლებამოსილებები საშიში კონტროლის დონემდე გაფართოვდა.ეს ყველაფერი მზარდი ავტორიტარული ტენდენციების სახით ხდება. საქართველოს მთავრობა უნდა უსმენდეს ხალხს ამის ნაცვლად აჩუმებს მათ. წარმატებას ვერ მიაღწევს, რადგან ათიათასობით ქართველი გამოდის ქუჩაში და აცხადებს, რომ მათ ევროპა სურთ და არა რუსეთი, მომავალი სურთ და არა წარსული. ჩვენი მოვალეობაა მათ გვერდით დავდგეთ, ვინც საქართველოსა და ევროპის დროშებით ხელში დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის მშვიდობიანად იბრძვის. ზოგადი რეზოლუცია მკაფიო იყო, მაგრამ ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა, ამიტომ ისევ უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ, მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროპულ მომავალს, ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ უფლებებს და ვეწინააღმდეგებით ავტორიტარიზმს“, – თქვა სიტყვით გამოსვლისას ასამბლეის წევრმა, უკრაინელმა დეპუტატმა, ევგენია კრავჩუკმა.

საბოლოო რეზოლუციაში ასამბლეამ “წამების,არაადამიანური მოპყრობისა და დასჯის საწინააღმდეგო კომიტეტს” დაავალა ეწვიოს საქართველოს სამუშაო ვიზიტით, რათა ამ მხრივ არსებული მდგომარეობა უკეთ შეფასდეს.რეზოლუციაზე დებატებს საქართველოდან oპოზიციის მხოლოდ რამდენიმე წარმომადგენელი დაესწრო.

“ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა იქ მუშაობა წლის დასაწყისში შეწყვიტეს. მას შემდეგ,რაც 29 იანვრის რეზოლუციით ასამბლეამ ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება მოითხოვა. მაშინ “ქართული ოცნების” დელეგაციას უფლებამოსიფლება შეეზღუდა და გამოსაცდელი ვადა აპრილამდე მიეცა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend