ევროპის დღემდე ერთი დღით ადრე საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი მიმართვას ავრცელებს.
დიპლომატი აცხადებს, რომ ევრობლოკის არსებობის 75-წლიანი ისტორიის განმავლობაში ის, წევრი ქვეყნების მშვიდობის, დემოკრატიისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფაზეა ორიენტირებული.
„ევროპის დღეს ყოველწლიურად 9 მაისს აღვნიშნავთ. 75 წლის შემდეგ, ევროპის დღე 1950 წელს რობერტ შუმანის დეკლარაციით დაწყებული ევროპული პროექტის საოცარ წარმატებას ადასტურებს. ევროკავშირმა ჩვენს 27 წევრ სახელმწიფოს მშვიდობა, დემოკრატია და კეთილდღეობა მოუტანა“, – ამბობს პაველ ჰერჩინსკი.
მიმართვაში პაველ ჰერჩინსკის საუბრობს ევროკავშირის მიერ საქართველოში განხორციელებული პროექტებზეც. მისი თქმით, თითოეული მათგანი მიზნად ისახავს ქვეყნის მოქალაქეების ცხოვრების გაუმჯობესებას.
„ევროპის დღეს ჩვენს საერთო ისტორიაზე ვფიქრობთ და ველოდებით მომავალს, რომელიც საქართველოსთან ერთად გვინდა შევქმნათ. ევროკავშირის მხარდაჭერა ყველა სფეროს მოიცავს, საქართველოს ყველა მოქალაქეზე ვრცელდება და მათი ცხოვრების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. გულითადად გეპატიჟებით, მობრძანდით და გაიგეთ მეტი ჩვენი მხარდაჭერის შესახებ“, – აცხადებს საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი.
ევროპის დღე 9 მაისს აღინიშნება. თარიღთან დაკავშირებით საქართველოს მასშტაბით არაერთი ღონისძიებაა დაგეგმილი.
დილიდან ღონისძიებების ერთ-ერთი მთავარი ადგილი საგამოფენო სივრცე „ექსპო-ჯორჯიას“ პავილიონები იქნება.