ფაშიზმზე გამარჯვების დღის 9 მაისს აღნიშვნასთან დაკავშირებით, მსოფლიოში აზრი ორად გაიყო. საქართველოში ქართველი ვეტერანები, ამ დღის აღსანიშნავად, სწორედ 9 მაისს იკრიბებიან.
მედლებით დახუნძლულ, საბჭოთა სამხედრო ფორმებში გამოწყობილი ხანდაზმული ვეტერანები კვლავ შეიკრიბნენ ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში. შეიკრიბნენ და მოიგონეს თავიანთი ახალგაზრდობა, ომი და ფაშიზმზე გამარჯვება. ისინი ამბობენ, რომ ყველაზე კარგად იციან, როგორი წარმოუდგენელი და მიუტევებელი ტანჯვაა ომი…
„მე ვმსახურობდი ქართულ დივიზიაში. ძირითადად, ყირიმში ვიბრძოდით. ტყვია-წამალი გადამქონდა, მძღოლი ვიყავი. იარაღის გარდა ჩვენი ბიჭებისთვის მიმქონდა ტანსაცმელი, საკვები, თამბაქო. მთელი ომის განმავლობაში იქ ვიყავი. მის შემდეგაც ოთხი წელი ვიმსახურე ჯარში. ხალხი ჩვენ თვალწინ იხოცებოდა. არავინ იცოდა, ვინ იქნებოდა შემდეგი. ეს სასტიკი სანახაობა იყო. ომია…” – იხსენებს ვეტერანი ალექსანდრ გერდიგოვი.
დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას მელიტონ ქანთარიას ძეგლთან პატივი მიაგეს მთავრობის წევრებმა – აღმასრულებელი, საპარლამენტო და მუნიციპალური უწყებებიდან. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ფაშიზმზე გამარჯვება მიულოცა ვეტერანებს. ისიც თქვა, რომ აღნიშვნის თარიღი ევროპის მსგავსად 8 მაისი არ იქნება, რადგან ეს დღე საქართველოში ყოველთვის 9 მაისს აღინიშნებოდა.
„პატივს მივაგებთ მეორე მსოფლიო ომის დროს დაღუპულთა ხსოვნას. ფაშიზმი იყო უდიდესი ბოროტება და ფაშიზმის დამარცხება არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა და შესაბამისად აღინიშნება ეს თარიღი. კიდევ ერთხელ მინდა, ყველა ვეტერანს მივულოცო დღევანდელი დღე. თარიღებს რაც შეეხება, სრულიად სასაცილოა, როცა ამბობენ 8 და არა 9. საქართველოში ეს დღე აღინიშნება 1945 წლიდან და ასე აღინიშნება ახლაც“, – განაცხადა პრემიერმა.
საქართველოდან მეორე მსოფლიო ომში, რომელსაც საბჭოთა კავშირი სამამულოს უწოდებდა, დაახლოებით 700 000 ადამიანი წავიდა, აქედან დაახლოებით ნახევარი უკან არ დაბრუნებულა. ეს საქართველოს მაშინდელი მოსახლეობის 8%-ზე მეტი იყო…
ავტორი: ალეკო გვეტაძე