პირველი პაპი ამერიკიდან – რომის 267-ე პაპის ვინაობა ცნობილია და ის კარდინალი რობერტ ფრანცის პრევო იქნება. მსოფლიოს ახალი პონტიფიკოსი 133 კარდინალისგან შემდგარი კოლეგიის სულ მცირე 2/3-ის მხარდაჭერით აირჩიეს.
ავგუსტინელთა რელიგიური ორდენის წევრი ახლა უკვე ლეონ XIV-ედ იწოდება. იგი 69 წლისაა. უკანასკნელი პაპი, რომელიც ამ სახელითაა ცნობილი, კათოლიკურ ეკლესიას 1878 წლიდან 1903 წლამდე ხელმძღვანელობდა.
ლეონ XIV ჩიკაგოს მკვიდრია, თუმცა ჯერ მისიონერის, შემდგომ კი მთავარეპისკოპოსის რანგში ცხოვრების არცთუ მცირე ნაწილი პერუში გაატარა. ის პერუს მოქალაქეცაა.
2023 წელს რომის პაპმა ფრანცისკემ პრევო ვატიკანში ჩაიყვანა და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე ჩააბარა. კერძოდ, ის დაინიშნა ოფისის ხელმძღვანელად, რომელიც არჩევს ეპისკოპოსობის კანდიდატებს მთელი მსოფლიოდან. მალევე რობერტ ფრანცის პრევო კარდინალების რიგში დააწინაურეს. კონკლავში ასეთი გავლენა მხოლოდ რამდენიმე კარდინალს ჰქონდა.
რომის პაპის არჩევის შესახებ შეკრებილებმა სიქსტის კაპელის საკვამურიდან თეთრი კვამლის ამოსვლისას შეიტყვეს. ლეონ XIV-მ რამდენიმე საათში ხალხს იტალიურად და ესპანურად მიმართა.
„რომის პაპმა აღდგომის დილას მთელი მსოფლიო დალოცა. ნება მომეცით, მეც იმავე კურთხევას მივყვე. ღმერთს ვუყვარვართ. ღმერთს ყველა უყვარს და ბოროტება ვერ გაიმარჯვებს. ჩვენ ყველა ღმერთის ხელში ვართ. ამრიგად, უშიშრად, ღმერთთან და საკუთარ თავთან ხელჩაკიდებულებმა წინ უნდა ვიაროთ. ჩვენ ქრისტეს მოწაფეები ვართ. ქრისტე წინ მიგვიძღვის. სამყაროს მისი სინათლე სჭირდება. კაცობრიობას სჭირდება ქრისტე, როგორც ხიდი, რომელიც ღმერთამდე და მის სიყვარულამდე მიიყვანს“, – ამბობს რომის პაპი, ლეონ XIV.
პირველი ამერიკელი პაპის არჩევას უკვე გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. 8 მაისის საღამოს კი ემპაირ სტეიტ ბილდინგი პირველი ამერიკელი პაპის პატივსაცემად თეთრ და ოქროსფერ ფერებში განათდა.
„ამერიკელი პაპი რომ გვყავს, ეს ჩვენი ქვეყნისთვის უდიდესი პატივია. ამაზე დიდი პატივი რა შეიძლება იყოს. ცოტა გაკვირვებულები, თუმცა, ამავე დროს, ძალიან ბედნიერები ვიყავით. ეს უბრალოდ დიდი, ძალიან დიდი პატივია“, – ამბობს აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი.
ლეონ XIV-ზე ავგუსტინეს ორდენის წევრებმაც ისაუბრეს. როგორც ამბობენ, რომის ახლად არჩეული პაპი პერუში ძალიან უყვარდათ.
„ის პერუში ძალიან უყვარდათ. პერუს ეპისკოპოსებიც კი მას წმინდანს უწოდებდნენ, ჩრდილოეთის წმინდანს. მას დრო ყველასთვის ჰქონდა. ის იყო ადამიანი, რომელიც გზას გაპოვნინებდა. ასეთი ეპისკოპოსი იყო. არქივში ნახავთ, რომ როდესაც პაპი ფრანცისკე პერუში ჩავიდა, პრევო იყო ის ეპისკოპოსი, რომელსაც ხალხთან ერთად ეძინა და ფხიზლობდა. მას ასეთი სტილი აქვს, ის მუდმივად ხალხთანაა. ის ადამიანურია“, – ამბობს რომის პაპის მეგობარი და ავგუსტინელი ბერი, მამა ალექსანდერ ლამი.
რობერტ ფრანცის პრევო ხელმძღვანელობდა ერთ-ერთ ყველაზე რევოლუციურ რეფორმას, რომელიც პაპმა ფრანცისკემ წამოიწყო. მათ ხმის მიცემის პროცესში დაამატეს სამი ქალი, რომლებიც წყვეტენ, თუ რომელი ეპისკოპოსის კანდიდატურა გადასცენ რომის პაპს განსახილველად.