მთავარისაქართველოდიდი ბრიტანეთის საელჩო საქართველოში ქართველი მაღალჩინოსნების სანქცირებას ეხმიანება

დიდი ბრიტანეთის საელჩო საქართველოში ქართველი მაღალჩინოსნების სანქცირებას ეხმიანება

დიდი ბრიტანეთის საელჩო ოთხი ქართველი მაღალჩინოსნისთვის სანქციების დაწესებას განცხადებით ეხმიანება.

საელჩოს განცხადებით, 10 აპრილს დაწესებული სანქციები 2024 წლის დეკემბერში გამოცხადებული სანქციების გაგრძელებაა, რომლებიც გაერთიანებული სამეფოს გლობალური ადამიანის უფლებათა დაცვის რეგულაციებს შეესაბამება და პასუხია ხელისუფლების მხრიდან მშვიდობიანი დემონსტრანტების ძალადობრივად დარბევაზე.

„დიდი ბრიტანეთი პირველი სახელმწიფოა, რომელმაც სანქციები დაუწესა საქართველოს გენერალურ პროკურორს.

ასევე საქართველოს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, რომელმაც ძირფესვიანად არ გამოიძია მომიტინგეების დარბევის ფაქტები.

გაერთიანებული სამეფოს გლობალური ადამიანის უფლებათა დაცვის 2020 წლის რეგულაციების შესაბამისად, დიდმა ბრიტანეთმა დღეს საქართველოს ოთხი თანამდებობის პირის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი გამოაცხადა, აღნიშნული პირების მიერ ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევების გამო, 2024 წელს დაწყებული ლეგიტიმური პროტესტის საპასუხოდ. სანქციები მათ შორის დაუწესდათ საქართველოს გენერალურ პროკურორს და საქართველოს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, ვინაიდან მათ, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში ზედმიწევნით არ გამოიძიეს სერიოზული ძალადობის ფაქტები.

გასულ წელს, მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიწყო საპროტესტო აქციები, რომლებიც გამოწვეული იყო საქართველოს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ ქმედებებით. საპასუხოდ, ხელისუფლებამ დაიწყო აქციების აგრესიული დარბევა, თავდასხმები და თვითნებური დაკავებები სამოქალაქო საზოგადოების, მედიის და ოპოზიციის წარმომადგენლების წინააღმდეგ“, – წერია დიდი ბრიტანეთის საელჩოს განცხადებაში.

საელჩოს წერილში მოყვანილია დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, დევიდ ლამის სიტყვებიც, რომელიც მომიტინგეების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ განხორციელებულ ძალადობას გაუგონარსა და შოკისმომგვრელს უწოდებს.

დიპლომატის თქმით, პროტესტის დაწყებიდან ას დღეზე მეტი გავიდა, თუმცა ხელისუფლებას შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის საკითხი არ დაუყენებია, რაც გაერთიანებული სამეფო მიუღებელ მეთოდად მიიჩნევს. დიდი ბრიტანეთის საელჩოს განცხადებით, ყველა შესაბამისი ნაბიჯის გადადგმა გაგრძელდება, „ვიდრე საქართველო ამჟამინდელ ტრაექტორიას არ შეიცვლის“.

ჩვენი ქმედებები თანხვედრაშია დიდი ბრიტანეთის მთავრობის საერთაშორისო საქმიანობასთან, რომლის მიზანია დაიცვას ადამიანის უფლებები რათა შემცირდეს გლობალური არასტაბილური გარემო და მოხდეს საფრთხეების არიდება გაერთიანებული სამეფოს ეროვნული უსაფრთხოების დასაცავად – ეს პრემიერ მინისტრის „ცვლილებების გეგმის“ ფუნდამენტური ნაწილია.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ ლამმიმ განაცხადა:

„მომიტინგეების, ჟურნალისტების და ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ გაუგონარი ძალადობის კადრები შოკის მომგვრელი იყო. 100 დღეზე მეტი გავიდა და ხელისუფლებამ არ დააყენა შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის საკითხი, მიუხედავად „ქართული ოცნების“ მტკიცებისა, რომ ისინი საკუთარი მოქალაქეებისთვის დემოკრატიულ მომავალს აშენებენ.

დღევანდელი ჩვენი სანქციები აჩვენებს, რომ გაერთიანებული სამეფოსთვის პასუხისმგებლობისგან თავის არიდების ასეთი უხეში მეთოდები მიუღებელია“, – წერია დიდი ბრიტანეთის საელჩოს განცხადებაში.

განცხადებაში დიპლომატიურმა უწყებამ კიდევ ერთხელ მხარდაჭერა გამოუცხადა ქართველ ხალხს და მათ კონსტიტუციურ უფლებას, „ისარგებლონ ფუნდამენტური თავისუფლებებით და განაგრძონ ევროპულ გზაზე სვლა“.

10 აპრილს გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ ადამიანის უფლებების გლობალური სანქციების რეჟიმის ფარგლებში ოთხ ქართველ მაღალჩინოსანს ფინანსური სანქციები დაუწესა. მათ შორის არიან გენერალური პროკურორი გიორგი გაბიტაშვილი, შს მინისტრის მოადგილე შალვა ბედოიძე, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე მირზა კეზევაძე და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი – კარლო კაციტაძე.

დიდი ბრიტანეთის სანქციები ითვალისწინებს აქტივების გაყინვას, დირექტორის დისკვალიფიკაციის სანქციასა და სამოგზაურო აკრძალვას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend