ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები აშშ-ის წინააღმდეგ საპასუხო ტარიფების დაწესებაზე შეთანხმდნენ.
ევროკომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ გადაწყვეტილება ამერიკის მიერ ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე ტარიფების დაწესებას მოჰყვა.
„ევროკავშირი აშშ-ის ტარიფებს გაუმართლებლად და საზიანოდ მიიჩნევს, რაც ორივე მხარეს, ისევე როგორც გლობალურ ეკონომიკას აყენებს ზიანს. ევროკავშირმა მკაფიოდ განაცხადა საკუთარი პრიორიტეტი, იპოვოს შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებების შედეგად გამოსავალი, რომელიც ორმხრივად მომგებიანი და დაბალანსებული იქნება”, – წერია განცხადებაში.
ევროკომისიის პრესსამსახურის ცნობით, საპასუხო ზომები ძალაში 15 აპრილიდან შევა. ევროკომისია აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილების გაუქმება ნებისმიერ დროს იქნება შესაძლებელი, თუ აშშ „სამართლიან და დაბალანსებულ“ გარიგებას დათანხმდება.