ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების განცხადებით, 9 აპრილს დაღუპული გმირების წინაშე ყველა ვალდებულია, იბრძოლოს თავისუფლებისა და ნამდვილი მშვიდობისთვის.
9 აპრილთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა პარტია „გახარია საქართველოსთვის” ლიდერმა გიორგი გახარიამ.
„ამდენი წლის შემდეგაც ადამიანები უსამართლობის, ჩაგვრის, ძალადობის მსხვერპლნი არიან, მტერი კი თავის მიზანს აღწევს მაშინ, როცა ყველაზე მეტად გვჭირდება ერთიანობა, ყველაზე მეტად დაყოფილები ვართ. ამის ხილვა ყველაზე ნაკლებად მოუნდებოდათ მათ, ვინც ამ ქვეყნის დამოუკიდებლობას თავი შესწირა”, – წერს გიორგი გახარია სოციალურ ქსელში.
განცხადება გაავრცელა ასევე „თავისუფლების მოედნის” თავმჯდომარემ ლევან ცუცქირიძემ. როგორც ის წერს, 9 აპრილის ტრაგედიიდან 36 წლის შემდეგ საქართველოში კვლავ არიან პოლიტიკური პატიმრები, რომლებიც თავისუფლებისთვის ბრძოლის გამო დაატყვევეს.
მისივე თქმით, საქართველოში კვლავაა რუსული პარტია, რომელიც ანადგურებს საქართველოს მთავარ მონაპოვარს – თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას.
