7 აპრილს რუსთაველის გამზირზე სამართალდამცველებმა აქციის სამი მონაწილე დააკავეს.
საპროტესტო აქციების მონაწილეთა ჯგუფ “დაიტოვეში” გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ პოლიციელებს აქციის მონაწილეები ძალის გამოყენებით გაჰყავდათ ტერიტორიიდან.
ამავე პლატფორმაზე მოგვიანებით გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, რომ ქვაფენილი სისხლითაა დასვრილი.
სოციალური ქსელის მომხმარებლები წერდნენ, რომ პოლიციამ, სავარაუდოდ, აქციის მონაწილეს სცემა.
მოგვიანებით გავრცელდა შსს-ს განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს დაკავების დროს აქციის რომელიმე მონაწილემ დაზიანება მიიღო, სიცრუეა და სიმართლეს არ შეესაბამება.
შსს-ს განცხადებით, რუსთაველის გამზირზე მამაკაცს ფეხის არეში უკბინა მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფმა მიუსაფარმა ძაღლმა, რამაც ძლიერი სისხლდენა გამოიწვია.
უწყების ინფორმაციით, პირი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი და მისი მდგომარეობა სტაბილურია.
