კატეგორიები

„„ქართული ოცნება” აგრძელებს საქართველოს იზოლირებას” – არასამთავრობო ორგანიზაციები

„„ქართული ოცნება” აგრძელებს საქართველოს იზოლირებას” – არასამთავრობო ორგანიზაციები

„ქართული ოცნების” ახალ საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის თანახმად, გრანტის გასაცემად დონორ ორგანიზაციას მთავრობის თანხმობა დასჭირდება, საქართველოში მოქმედი უფლებადამცველი ორგანიზაციები აკრიტიკებენ.

20-ზე მეტი სამოქალაქო ორგანიზაციის ხელმძღვანელებმა გამართეს ერთობლივი ბრიფინგი, სადაც მმართველი პარტიის ეს ინიციატივა დაგმეს და მას დიქტატურის დამყარების მორიგი ინსტრუმენტი უწოდეს.

არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელების განცხადებით, სამოქალაქო სექტორი აგრძელებს ბრძოლას რუსული სტილის მმართველობის დამყარების წინააღმდეგ და საზოგადოებას მოუწოდებენ, არ დაემორჩილონ, მათი შეფასებით, არალეგიტიმური ხელისუფლების აბსურდული რუსული მიზნების მქონე ე.წ. კანონებს.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ არალეგიტიმური პარლამენტი აგრძელებს ქართველი ხალხის წინააღმდეგ მოქმედებას. უახლოეს დღეებში „ქართული ოცნება“ აპირებს, დაჩქარებული წესით მიიღოს ცვლილებები, რითაც საქართველოს მეგობარ ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე აეკრძალებათ მხარდაჭერის გაწევა საქართველოს მოქალაქეებისთვის.

დღეს, როდესაც სახელმწიფო უწყებები პარტიულ დანამატად არის ქცეული, ადამიანების დაცვის ერთადერთ საშუალებას სამოქალაქო სოლიდარობა და აქტიურობა წარმოადგენს, აღნიშნული კანონი თავისი არსითა და მოსალოდნელი შედეგით არის ხალხის დევნის აქტი და მიზნად ისახავს მოქალაქეების, მმართველი პარტიის სადამსჯელო სისტემის პირისპირ დატოვებასა და საერთაშორისო საზოგადოებისთვის მათი თანადგომის აკრძალვას.

„ქართული ოცნების“ ეს ინიციატივა არის საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და ხალხის დახმარების სისტემის განადგურების სტრატეგიის გაგრძელება იმ პირობებში, როდესაც „რუსული კანონების” მიღების, დევნის, სამოქალაქო სოლიდარობის ფონდების დაყადაღების მიუხედავად, ამ მიზანს ვერ მიაღწიეს.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ეს კანონი მიზნად ისახავს საქართველოს ჩაკეტილ, იზოლირებულ სახელმწიფოდ გადაქცევას, სადაც საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფერო უნდა დაექვემდებაროს პარტია „ქართული ოცნების“ ტოტალიტარული სტილის კონტროლსა და გამოირიცხოს საზოგადოებისთვის საჭირო თანადგომის მიღება საერთაშორისო პარტნიორებისა და მეგობრებისაგან. ეს კანონი ასევე მიზნად ისახავს მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის შეწყვეტას, რომლებიც ქართველ ხალხს აწვდიან ინფორმაციას სახელმწიფო უწყებების მხრიდან ქართველი ხალხის უფლებების დარღვევის, კორუფციული გარიგებების, მოხელეთა მიერ თანამდებობების პირადი მიზნებისთვის გამოყენების შესახებ, რაც „ქართული ოცნებისთვის“ ძალიან ორგანული გახდა.

არალეგიტიმური პარლამენტი ცდილობს, ქართველ ხალხს ჩამოაშოროს მეგობრების მხარდაჭერა და თანადგომა და დაუცველი დატოვოს – ბავშვები, ქალები, სტუდენტები, ხანდაზმულები, უკანონო პატიმრები, სამსახურებიდან უკანონოდ გათავისუფლებულები, უკანონოდ დაჯარიმებულები, ძალადობის მსხვერპლნი, შშმ პირები, ჟურნალისტები, კულტურის, ბიზნესისა და სხვა სფეროს წარმომადგენლები. უიმედოდ აქციოს თითოეული მოქალაქე, რომელიც რაიმე ფორმით საჭიროებს, მიიღოს დასავლური ცივილიზაციის სიკეთე.

ჩვენ, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება კვლავაც მტკიცედ ვაცხადებთ: არ ვაპირებთ რუსული კანონებით ცხოვრებას და ბოლომდე წინააღმდეგობას გავუწევთ ქართველი ხალხის დევნის აქტს.

ჩვენ არ დავუშვებთ, ივანიშვილის არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ გადაწყვიტოს როდის და როგორ დაეხმარება ქართველი ხალხი ერთმანეთს და კვლავ გამოვხატავთ ერთგულებას საქართველოს კონსტიტუციის, მოქალაქეების უფლებებისა და ღირსების დაცვის მიმართ“,- აღნიშნულია არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები